ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციაში აბსოლუტური უმრავლესობა, ერთი-ორი ადამიანის გარდა, გაკოტრებული პოლიტიკოსები არიან
„ოპოზიციაში აბსოლუტური უმრავლესობა, ერთი-ორი ადამიანის გარდა, გაკოტრებული პოლიტიკოსები არიან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე” გადაცემა „SWOT ანალიზში” პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებებიდან ნათლად ჩანს, რომ მათ არჩევნები არ უნდათ.
„რა უნდათ არ ისმის და კითხვის ძალადობა გამოვიდა წინა პლანზე. ისე იკვეთება, სიტყვებს და რიტორიკას ერთმანეთში ვერ ათავსებენ. წლების განმავლობაში გაკოტრებული პოლიტიკოსების ხვედრია, ვინ ვისთან დაჯდება, მთავარია, რაღაც რესურსი მიიღონ. შეიძლება, მიზეზი უფრო ღრმა იყოს. თუ გნებავთ ისიც, რომ პოლიტიკოსს და ნებისმიერ მოქალაქეს საფუძველი არ უნდა ჰქონდეს დარღვეული, დანგრეული და პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ნებისმიერი მოქალაქე, თუ ის ცდილობს, საზოგადოებრივ საქმიანობაში შესვლას და საზოგადოების რაღაც ნაწილის გაერთიანებას იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი მიმართულებით განვითარდეს, ელემენტარულად მას ქვეყანაზე ზრუნვის განცდა უნდა ჰქონდეს. ეს განცდა, მე მგონი დაკარგულია. ეს განცდა რომ ჰქონდეს, სიყვარული უნდა ჰქონდეს ქვეყნისა და სამშობლოსი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ პოლიტიკოსების პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს მართვას იბრალებენ.
„საოცარი გაერთიანებაა. მე მგონი უფრო სიღრმისეულია მათი პრობლემები. რაღაც საერთო აქვთ და ამ საერთოში მათი მართვის დროს თუ გავიხსენებთ, ცხრა წელიწადი რას უშვრებოდნენ ქვეყნას და ხალხს? დღეს იგივე ხალხი გამოდის, სამართლიანობას ითხოვს, დაჟინებით ითხოვენ, პროპორციული და სამართლიანი არჩევნები გვინდაო. ცხრა წელიწადი თვითონ პროპორციული საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ ყველაფერს, მაჟორიტარულს არ თმობდნენ. ამ პოლიტიკოსების პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფოს მართვას იბრალებენ, სამშობლო აღარ ახსოვთ და სამშობლოს სიყვარული არ გააჩნიათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.