პროკურორი ვაჟა თოდუა: დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყება
20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას თქმით, დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყება.
მისივე თქმით, ბრალდებული რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა ზეწოლის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომამდე არ განუცხადებია.
“დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები, მათ ისაუბრეს ბრალდებულების დაკავებაზე და სხვა გარემოებებზე, ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მხოლოდ დღეს განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა გარკვეული სახის ზეწოლა, თუმცა ამის თაობაზე მას არ განუცხადებია რამდენიმე თვეა. ბრალდებულმა მიუთითა სასამართლო სხდომაზე,რომ მასთან შესული იყო მისთვის უცნობი ორი ადამიანი სამოქალაქო ფორმით, არ მომხდარა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, არ იცის ვინ არიან ეს ადამიანები. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, დაიწყება გამოძიება. ბრალდებული რამდენიმე თვეა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და ზეწოლის შესახებ არ განუცხადებია, ასევე, ცნობილია, რომ არაერთი ბრალდებულია მოცემულ საქმეზე, თუმცა ამაზე არავის უსაუბრია. დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ ის დეტალურად ისაუბრებს შემდგომში ამ საკითხებზე. ჩვენ, ბუნებრივია, თუ მივიღებთ დეტალურად ინფორმაციას, რომ არსებობს კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება. თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ 5 თვის განმავლობაში ზეწოლის თაობაზე არაფერს ამბობდა და დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა ამ საკითხებზე ესაუბრა. ბუნებრივია, მივიღებთ ყველა ზომას, რათა აღნიშნულ საკითხი გაირკვეს”,- განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, აქციის დაშლისას დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებით, მას ციხეში ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.