გიორგი ცუცქირიძე: “ნაცმოს” და მათი ანასხლეტების მთელი სტრატეგია სოციალურ ბუნტზეა აგებული

„ქუჩის პროტესტის გაგრძელება და პერმანენტული დაძაბულობის კერების შექმნა ნეგატიურად აისახება საინვესტიციო კლიმატზე და სავალუტო კურსზე“, – ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ანასხლეტების სტრატეგია სოციალურ ბუნტზეა აგებული.
„მთელი ამ დღეების მანძილზე, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, აჩვენოს თითქოსდა ქუჩაში დგას მთელი ქართველი საზოგადოება, რეალობასთან აშკარად აცდენილია. მათი მხრიდან ვადამდელი, თან პროპორციული არჩევნების დანიშვნა და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა, რაც გახდებოდა „ოცნების“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, ოპოზიციას ვეღარ გამოუვა. “ნაცმომ” და მასთან აფილირებულმა ოპოფლანგმა, არასამთავრობოების ნაწილის ჩათვლით, ვერ შეძლო ამაში საზოგადოების კრიტიკული ნაწილის დარწმუნება. და არა მხოლოდ დაზიანებული ბრენდის გამო, როგორც ექსპერტთა ნაწილს ჰგონია, არამედ პირველ რიგში სტრატეგიული ხედვის არქონის გამო. ფაქტია, რომ დაზიანებულ რენომესთან ერთად, გარდა რევანშისტული სულისკვეთებისა, პრაქტიკულად რაიმე სიახლეს არ სთავაზობენ ადამიანებს, ხოლო თუ რა წესით ჩატარდება არჩევნები, ვერ გახდა მოსახლეობის გარეთ გამომყვანი საერთო ეროვნული ფაქტორი. ამასთან, მისი ლიდერშიპის ლამის ხავილამდე მისული ლექსიკა და ჟესტიკულაცია, აშკარად სცილდება არა თუ საღი აზროვნების არამედ ელემენტარული პოლიტკორექტულობის დონესაც კი.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ თუ ირიბად ასოცირებული მთელი მედიაპლატფორმაც, გასულ წლებში მხოლოდ ნეგატივზე და სიცრუის კულტივირებაზე იყო აგებული, ხოლო როდესაც საზოგადოების მოთხოვნა მომავლის პერსპექტივაზეა, ბუნებრივია, საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობა თავიდანვე გამორიცხულია, წარსულის მეხსიერებას თავი რომ დავანებოთ.
ბუნებრივად ჩნდება კითხვებიც, მაშინ რისი იმედი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, რომელიც თუნდაც ამ შეთხელებული მიტინგების კუდის დაგრძელებას აანონსებს და ახლა გერმანული მოდელის შემოგდებაც ამ სტრატეგიის ნაწილია? გერმანული მოდელი კი ითვლება შერეულ მოდელად, მაგრამ იგი რეალურად პერსონალიზებულ პროპორციულ სისტემას წარმოადგენს, რადგან ამ მოდელის ფარგლებში, არა 77, არამედ ყველა მანდატი პროპორციული წესით ნაწილდება, ანუ ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით, პარტიებზე პროპორციული სისტემით უნდა განაწილდეს ყველა 150 მანდატი, რაც მაჟორიტარული წესით გასანაწილებელ 73 მანდატსაც მოიცავს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, მხოლოდ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით. და შესაბამისად, იგი წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთანაც, რადგან ელემენტარული არითმეტიკით 77 არ უდრის 150-ს!
მთავარი დილემაც ეგ არის როგორ უნდა მოახერხოს ოპოზიციამ მთელ ამ პროცესში და მით უმეტეს გრძელვადიან პერიოდში საზოგადოების სასურველი რაოდენობის ჩართულობა?როდესაც სააკაშვილი გადადგა, რატომღაც ავიწყდებათ რომ ამას წინ უძღოდა მასშტაბური, ასი ათასობით ქუჩაში გამოსული ადამიანის სამართლიანი პროტესტი, როდესაც ნაცების მმართველობის სისასტიკეს აპროტესტებდნენ.
​როგორც ჩანს, ნაცმოს და მათი ანასხლეტების მთელი სტრატეგია სოციალურ ბუნტზეა აგებული. ქუჩის პროტესტის გაგრძელება და პერმანენტული დაძაბულობის კერების შექმნა, პირდაპირ აისახება საინვესტიციო კლიმატზე და სავალუტო კურსზე მხოლოდ ნეგატიურად, ეს ეხება არა მხოლოდ პერსპექტიულ საინვესტიციო პროექტებს, ასევე უკვე მოქმედ ინვესტიციებსაც, რომლებიც უბრალოდ თავს შეიკავებენ რეინვესტირებისგან და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისგან. თავის მხრივ, ინვესტიციების შემცირება ასევე ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და სავალუტო კურსზე, რაც ეკონომიკური ზრდის შენელებით, მაღალი ინფლაციით და მოხმარების შემცირებითაც იქნება განპირობებული.
სწორედ სოციალური ფონის დამძიმება, და პერმანენტული დაძაბულობის შენარჩუნება, განსაკუთრებით ისედაც მძიმე ზამთრის შემდეგ, იქნება უკვე გაზაფხულზე ოპოზიციის მხრიდან სოციალური ბუნტის პროვოცირებით ახალი ტალღის დასაწყისი”,- წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები