დავით ზალკალიანი: ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე
„როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საქართველოში მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, უბრალო მიზეზის გამო – იგი წავიდა თავისი პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ რეგიონში. ახლა ის იმყოფება პატიმრობაში და ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ძალებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოქმედებენ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა ბერლინის პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციასა და ანექსიაზე და აღნიშნა, რომ ვითარება უფრო მკაფიოდ უნდა იქნას შეფასებული.
„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს – საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსაცია და ოკუპაცია, ამიტომ, მე ვფიქრობ, თქვენ უფრო მკაფიოდ უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია.
სამწუხაროდ განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები რომლებიც დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს, გაყოფილია ოჯახები, მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ სოფლის მეურნეობაზე და ვერ ამუშავებენ საკუთარ მიწას, მათ უარს ეუბნებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ უკანონო საქმიანობაზე, რადგან ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის ქართველ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.