სოფო კილაძე: “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზე მიდის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზე მიდის.
მისივე თქმით, ქართულმა პოლიციამ ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმი გამოიჩინა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფუნდამენტური უფლება, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით არის განსაზღვრული ამ შემთხვევაში ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს მხრიდან იყოს დაცული. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ეფარება სამოქალაქო აქტივიზმს. ჩვენ ვხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიდის ყველაფერზე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. აუცილებელია სახელმწიფოს კანონისმიერი რეაგირება და ჩვენ შევხედეთ, რომ პოლიცია წინა შემთხვევაშიც და ამ დილითაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოავლინა. ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი”,- განმარტა კილაძემ.
ცნობისთვის, სპეცდანიშნულების რაზმებმა გამთენიისას პარლამენტთან მიმდინარე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.