ნუკრი ქანთარია: ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე
“ქართული ოცნების” წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, აქცია მშვიდობიანად დაიშალა.
მისივე განმარტებით, უხერხული სიტუაციაა შექმნილი, მაგრამ პარლამენტი სალობიე არ არის.
“ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მისივე თქმით, აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა”?! – აღნიშნა ქანთარიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა თუ არა აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში, ნუკრი ქანთარიამ უპასუხა, რომ აქციის დაშლას არ უყურებდა პირდაპირ ეთერში, რადგან ქალაქში არ იყო.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის იმ მხარეს, საიდანაც დეპუტატები შედიან, აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან, რომლებიც ცდილობენ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა გუშინ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს. შესასვლელები სპეცრაზმმა წყლის ჭავლის დახმარებით გამთენიისას გახსნა და აქციის მონაწილეებისგან გაწმინდა.