„რა ბედნიერი ვიქნებოდი, თვითონ დავსწრებოდი, როგორ დააფასა ჩვენმა სათავო ოფისმა ქართული კულტურა“

დათო მაღრაძისთვის და „უსადაუროს“ თარგმნისთვის ნუნუ გელაძისთვის დანტეს ოქროს მედლით დააჯილდოების ფაქტს დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის წარმომადგენელი ნინო ცერცვაძე ეხმაურება.
„ბოლო დღეებია, გულწრფელი სიხარულით და სიამაყით ვაზიარებ ფეისბუქზე დათო მაღრაძის კრებულის პრეზენტაციის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას. რა ბედნიერი ვიქნებოდი, თვითონ დავსწრებოდი, როგორ დააფასა ჩვენმა სათავო ოფისმა ქართული კულტურა და როგორ დააჯილდოვდნენ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო წარმომადგენლები „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ ოქროს მედლებით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას და მთელს საქართველოს!
ერთ საღამოსაც საკუთარი „twitter“-ის გვერდზე წავიკითხე გულთბილი მადლობის პოსტი, რომელიც მომიძღვნა რომის სათავო ოფისმა. ვაღიარებ, ადამიანურად გამიხარდა და გულიც ამიჩუყდა ეტყობა, რადგან ამ პოსტს ვწერ. ზოგჯერ მცირედიც კი აბედნიერებს ადამიანს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დიდი ძალა აქვს მადლიერებას, როგორც ფენომენს“, – წერს ნინო ცერცვაძე.
რომში, ფლორენციის სასახლეში, დათო მაღრაძის ლექსების წიგნს „უსადაუროს“ დანტე ალიგიერის საზოგადოებამ უმასპინძლა. საზოგადოებას მიმართეს დანტეს საზოგადოების პრეზიდენტმა ალესანდრო მასიმ, წიგნის გამომცემელმა ჯუზეპე ალეტიმ, საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონმა, წიგნის მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ.
დათო მაღრაძემ და იტალიური თეატრისა და კინოს ცნობილმა მსახიობმა ვალენტინა კიკომ პოეზიის მოყვარულებს ორენოვანი პერფორმანსი შესთავაზეს.
ალესანდრო მასიმ დანტეს ოქროს მედლით დააჯილდოვა დათო მაღრაძე, „უსადაუროს“ თარგმნისთვის ნუნუ გელაძე და, „უსადაუროს” სამშობლოს პატივისცემის ნიშნად, საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები