დედაქალაქი წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
დედაქალაქი 10-11 თებერვალს წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ დედაქალაქში არსებულ გამოწვევებზე, ასევე, იმ განხორციელებულ პროექტებზე, რომელთაც მუნიციპალიტეტი, ბოლო წლების განმავლობაში, წყლისა და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების თვალსაზრისით ახორციელებს.
მისივე განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა თავისი განსაკუთრებული მდებარეობის, მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო და სასმელი წყლის სექტორის განვითარების პარალელურად, აქვს შესაძლებლობა, იყოს წამყვანი ენერგოიმპორტიორი ქვეყანა.
„სამწუხაროდ, საქართველოში სასმელი წყლის სექტორი ძირეულ ცვლილებებს და მასშტაბურ ინვესტიციებს საჭიროებს. 2017 წელს, როდესაც ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და არსებობდა უამრავი პრობლემა. სწორედ ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს, იწყებს, პირველ რიგში, მწყობრიდან გამოსული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლით, წყლისა და წყალარინების ქსელების მოწესრიგებით, რაც როგორც მოგეხსენებათ, სამუშაოების ვადებსა და ღირებულებას ზრდის.ეს ყველაფერი მოსახლეობაში გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა შესრულებულმა სამუშაომ უნდა გაუძლოს ათეულობით წელს, გვიწევს 24-საათიანი, დაუღალავი შრომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში დედაქალაქში არაერთ ქუჩასა და გამზირზე გამოიცვალა წყლისა და წყალარინების ცენტრალური ქსელები, სხვადასხვა დასახლებაში უკვე აშენდა ან იგეგმება ცენტრალური კოლექტორების მშენებლობა; მსგავსი ტიპის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსებშიც.
„ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით, როგორც მუნიციპალიტეტების, ისე წყლის მომწოდებელი კერძო კომპანიების დონეზე, საკმაოდ ბევრი გვაქვს სამუშაო, ამაში კი თქვენი, მაღალი სტანდარტების მქონე ოპერატორების ჩართულობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების იმედი გვაქვს. თბილისის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რაც მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საერთაშორისო კომპანია „აქუალია“, რომელიც GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში ოპერირებს.
ფორუმის მონაწილეები ეროვნულ და რეგიონულ კონტექსტში სასმელი წყლის სექტორის განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯებზე,ასევე, ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით წყლის სექტორის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურის გარდაქმნის საჭიროებაზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, მარეგულირებელი და კერძო კომპანიების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმის ფარგლებში დედაქალაქს „აქუალიას“ აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასი, ამავე კომპანიის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი და ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი ეწვია, რომლებმაც დედაქალაქის მერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც გამართეს.