დიმიტრი ხუნდაძე: არ შეიძლება შავი თეთრად წარმოაჩინო, ან კიდევ როცა თეთრია ის გააშავო
“მიუხედავად სამივე საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობისა, ამ პოლიტიკურ ველზე, დღეს, არაგანვითარებული პარტიების პირობებში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, კომპრომისი 2024 წლისთვის გაცემული იყო. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ ცვლილებებს, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, რადგან ამ პერიოდში თვითმმართველობა მოძლიერდებოდა და დამატებითი რგოლი – მაჟორიტარი არ გახდებოდა საჭირო.
მისივე თქმით, გუნდთან უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ მეორე კომპრომისზეც დათანხმდა – პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოტანისთვის.
“გუნდის წევრებისგან იყო, რომ ჩვენ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ქუჩა დამშვიდდებოდა, იქნებოდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, დამშვიდდებოდნენ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ქუჩა, აურზაური აღარ იქნებოდა, თუმცა რა მივიღეთ შემდეგ? მივიღეთ ის, რომ ეს ყველაფერი უფრო მაღალ ხარისხში განმეორდა და, საბოლოოდ, საპატრიარქოს მიადგნენ. ამ არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან, უფრო მეტად კი დესტრუქციულთან შეთანხმება შეუძლებელია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის წევრის შეფასებით, არ შეიძლება მუდმივად იმაზე აპელირება, რომ იყო დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ.
“დავპირდი და შევპირდით არაა პასუხი? ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი და თუ რეალურად რისკები არსებობს, თუნდაც დავპირდე, აუცილებლად წავიღებ უკან, თუ კი მე ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და არა სავარძელი, ანდა სად ვიქნები – პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს და არა ის დავპირდი-თუ არ დავპირდი”, – განაცხადა მან და ოპოზიციას, განსაკუთრებით კი საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ მხარდამჭერებს „ყველაფერი სიკეთე, შენებაც კი ნგრევად აქვთ გამოცხადებული.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც კი დაესხნენ, როცა მათ ჰქონდათ საყოველთაო საპატიმრო პროგრამა, თურმე ის სჯობდა მაინც ამას, არ შეიძლება შავი თეთრად წარმოაჩინო, ან კიდევ როცა თეთრია ის გააშავო, რეალობას არ უნდა გავცდეთ, აი ეს რეალობა მაშინებს – ოპოზიციური სპექტრი, ეს პარტიული სპექტრი მაშინებს, არ შეიძლება, ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი, “- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ყველგან სადაც იყო საკონსტიტუციო განხილვები, მათ შორის მცხეთაშიც, ბევრმა დააყენა საკითხი მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, თუმცა პრესამ ეს განხილვები მიკერძოებულად გააშუქა.
“ჩემი გეგმა სწორედ ეს არის – ვკითხოთ ამომრჩეველს, გავიდეთ ხალხში. რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ შეკრებილია მხოლოდ ერთი ჯგუფი საზოგადოებისა, ერთი ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და შექმნეს მოლოდინი, თითქოს ეს იყო მთელი საქართველო, თითქოს მთელი საქართველო ითხოვდეს პროპორციულ სისტემას – გადით რეგიონებში და იკითხეთ. რატომ ეშინიათ პლებისციტის ჩატარების? ჰკითხეთ ხალხს, ხალხი უნდა იყოს ხელისუფლების წყარო და არა სამალავად ქცეული პარტიები, რომლებსაც რეიტინგი არა აქვთ, 12 პარტიას ერთად აღებულს 1% აქვთ. გამოვიდნენ, ღიად დაენახონ საზოგადოებას, თუ საზოგადოება არ მიიღებს, სამალავებით პარლამენტში ვერ შევლენ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.