ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდო – The Best in Heritage – Project of Influence გადაეცა

2024 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდოს – The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მფლობელი გახდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის 2023 წლის მუზეუმების პრემიისა და სილეტოს პრიზის მფლობელ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ჯილდოს 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გადასცემს.
„The Best in Heritage – Project of Influence – კენეტ ჰადსონისა და ჟორჟ-ანრი რივიერას ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად გადაეცემა უკვე წარმატებულ, ჯილდოს მფლობელ მუზეუმს.
European Heritage Association (ევროპის მემკვიდრეობის ასოციაცია), Europa Nostra-თან პარტნიორობით, CreativeEurope-ის მხარდაჭერითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) პატრონაჟით ყოველწლიურად ავლენს სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და კონსერვაციის სფეროში ყველაზე ინოვაციურ, შთამაგონებელ და უკვე წარმატებულ პროექტებს შორის საუკეთესოს.
ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა,როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
მოხალისეთა პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით მუზეუმი უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას სამუზეუმო ცხოვრებაში, რითაც ხელს უწყობს არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებასა და გაცოცხლებას.
ვანის მუზეუმი ნაქალაქარის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ვიზიტორებს შორის შემაკავშირებელი და დიალოგის წარმმართველია.
მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტიურ მულტიდისციპლინარულ სივრცეს. ის ასევე არის სამეცნიერო შეხვედრების ადგილი რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები