გიორგი ვაშაძე: მოწყალება არ გვჭირდება კახი, გვინდა საარჩევნო კოდექსი, რომელიც სამართლიან საარჩევნო სისტემას უზრუნველყოფს

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოითხოვს და სხვა, არანაირ შეთავაზებას არ მიიღებს.

“კომოს ტბიდან ჩამოსული კახი ძალიან გულმოწყალეა, დიდი მადლობა გულმოწყალებისთვის, მაგრამ გულმოწყალება არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან საარჩევნო სისტემას, სადაც თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ ვისაც აძლევს ხმას, პროპორციულად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. რას გვთავაზობს ახლა კალაძე?! იცით რაა, ბიჭებო დაწყნარდით, ადგილებს გამოგითავისუფლებთ. კარგად იყავი, დასთანხმდი იმას, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ. პერსონალურად, კალაძეა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ის პირადად “აკაჩავებდა” დეპუტატებს იმისთვის, რომ მათ არ მიეცათ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმა. ახლა ჩამოვიდა კომოს ტბიდან და დაგვცინის და გვეუბნება, რაღაც ოლქებს დაგითმობთო… შენი დათმობილი არაფერი არ გვჭირდება კახი და ჩართე იტალიური არხები და ნახავ, რომ ჩვენ მიერ წამოწყებულ მშვიდობიან პროცესებზე საუბრობს მთელი მსოფლიო და იმას, რასაც შენ აკეთებ, დაგცინის მათ შორის, იტალიაც,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კალაძემ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” სახელით განაცხადება გააკეთა:
“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები