ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც “გერმანულ მოდელს ეფუძნება, თუმცა საქართველოს რეალობასაც ითვალისწინებს
ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა საარჩევნო სისტემის ისეთი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს და მასში უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას, ის გერმანულ მოდელს ეფუძნება თუმცა საქართველოს რეალობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ გაერთიანებული პარტიების სახელით “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“პირველი, პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, ისე როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. მაგრამ იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, 6-7-8 მანდატიანი ოლქები; თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება, შესაბამისად არ იქნება შესაძლებლობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას მიიტაცოს ხელისუფლება, მაქსიმალურად იყოს გამოხატული თითოეული ადამიანის ინტერესი.
ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მზად არის იმისთვის რომ ინიცირებული იყოს პარლამენტში. მას მხოლოდ 76 ხმა სჭირდება და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ძალიან მარტივი გზა, გამოსავალი, რომ საქართველომ გადალახოს ის კატასტროფული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში.
ყველა კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ეს მოდელი კონსტიტუციასთან სრულად არის შესაბამისობაში”, – განაცხადა ვაშაძემ.