ლევან ბეჟაშვილი: ამ ეტაპზე თანამდებობების გადანაწილება პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოების თვალში ცუდად წარმოაჩენს
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი პოლიტიკური მოძრაობა”გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები “ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.
ბეჟაშვილის თქმით, ამ ეტაპზე თანამდებობების გადანაწილება პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოების თვალში ცუდად წარმოაჩენს.
“ვფიქრობ, ამ ეტაპზე თანამდებობების გადანაწილება ნამდვილად ცუდად წარმოაჩენს პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოების თვალში. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ძალოვან სამინისტროებთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული რეფორმირების მოდელები, სადაც გადამწყვეტი სიტყვა არასამთავრობო სექტორს ექნება. იქნება ეს პროკურატურა, აუდიტის სამსახური თუ პოლიციის რეფორმა, რომელიც სუს-ის გაუქმებას და ამ სისტემის დეცენტრალიზაციას გულისხმობს. ამიტომ, თუ პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი იქნება, ბუნებრივია, ერთად მივიღებთ მონაწილეობას და ერთად ჩამოვყალიბდებით. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების დაკვეთა, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს არჩევნების გზით, პოლიტიკური პარტიების კონსენსუსის საფუძველზე“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.