ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდზე მიმოსვლა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის ჩაკეტა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდზე მიმოსვლა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის ჩაკეტა. გალის მკვიდრის განცხადებით, ენგურის ხიდზე გადაადგილება მხოლოდ პენსიონერებს, ქალებს და ბავშვებს შეუძლიათ. მიზეზი მათთვის არავის განუმარტავს.
მისივე ინფორმაციით, ასევე უცნობია, თუ როდემდე გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა.
„გუშინ მოკლეს ორი ადამიანი და იმის გულისთვის ჩაკეტესო, ახალგაზრდა მამაკაცებს არ უშვებენ. მხოლოდ პენსიონერებს, ქალებს და ბავშვებს“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა პენსიონერმა.
ხიდზე შეზღუდვა სავარაუდოდ მას შემდეგ დაწესდა, რაც გუშინ სოხუმში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი, 38 წლის ასტამურ შამბაა.
შემთხვევა რესტორან „სან-რემოსთან“ მოხდა. ცეცხლი უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გახსნეს. მომხდართან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.
ხაჯიმბამ ე.წ. ძალოვან უწყებებს ყველა ზომის მიღება დაავალა, რათა დამნაშავეებმა აფხაზეთის საზღვარი ვერ დატოვონ.
ხიდზე გადაადგილება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დილის 08:00 საათიდან მიმდინარეობს.