ლევან მაჭავარიანი: ურთიერთობების გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე გარდაუვალი იქნება, ვინაიდან, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო

ურთიერთობების გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე გარდაუვალი იქნება, ვინაიდან, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი დეზინფორმაცია იყო, უამრავი ბრალდება, უამრავი ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში და მმართველი გუნდი ვალდებულები იყო, პასუხები გაეცა.

„ურთიერთობების გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე გარდაუვალი იქნება, ვინაიდან, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ჩვენ არასდროს თავდასხმის რეჟიმში არ ვყოფილვართ, ყოველთვის თავს ვიცავდით, რადგან არის ასეთი ცნება – ეროვნული თავმოყვარეობა და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უამრავი დეზინფორმაცია იყო, უამრავი ბრალდება, უამრავი ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, პასუხები გაგვეცა. თუმცა, მათ იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, დღესვე მზად ვართ ყველაფერი დავივიწყოთ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ პარტნიორულ რეჟიმში.

მოკლე ჩამონათვალი მაქვს იმ უსამართლობების, რაც ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიხილეთ და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ უბრალოდ საქართველომ უარი თქვა, გამოყენებულიყო პროქსი სახელმწიფოდ, ისე, როგორც გამოიყენეს უკრაინა.

უნდათ, რომ უკრაინასავით გამოგვიყენონ, გვაშანტაჟებენ ქვეყნის დასანქცირებით, 4 წელში 5-ჯერ დაგვიგეგმეს რევოლუცია, ჩვენთან გამჭვირვალობის კანონს რუსულს ეძახიან, თავის ქვეყნებში კი, მსგავს კანონებს ამკაცრებენ, ელჩებს დემარში მოაწყობინეს, ვითომ სააკაშვილი მოწამლული იყო და კვდებოდა, ზურაბ ადეიშვილს თავიანთ კაბინეტებში მასპინძლობდნენ, გვიშლიდნენ ჩინეთთან პარტნიორობას და ერთმანეთის მიყოლებით სი ძნპინთან ალაგებდნენ ურთიერთობას, უფინანსებიათ ანტისაეკლესიო კამპანიები ჩვენ ქვეყანაში, აგზავნიან საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისამთავრობო აქციებზე, ოპოზიციის ნაცვლად ჩაატარეს წინასაარჩევნო კამპანია, დაგვაბრალეს არჩევნების გაყალბება, ევროპარლამენტის დელეგაციები, რადიკალების დასახმარებლად გამოაგზავნეს, ლაშა ბუღაძეს, ბექა ყორშიას, ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს ალაპარაკებენ ქართველი ხალხის სახელით ევროპარლამენტის დებატებზე, გვაბრალებენ რუსეთთან მჭიდრო კავშირებს, აჯილდოებენ ნიკა გვარამიას ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, დღემდე გვიმტკიცებენ, რომ უკრაინა და მოლდოვა რეფორმებით ჩვენზე წინ არიან, აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს ჩვენს ქვეყანაში, მტკიცებულებების გარეშე გვაბრალებენ რუსული სანქციებისთვის გვერდის ავლას, პოლიციელების და პარლამენტის დაწვას მშვიდობიან აქციას ეძახიან, რამდენიმე ელჩი თავზე დაგვასვეს, 2024 წლის ზაფხულში, თავისივე შეჩერებული ევროინტეგრაცია ჩვენ გადმოგვაბრალეს, 4 ოქტომბრის დამხობის აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს, ლაზარეს და ამაღლობელს გმირებს უწოდებენ, ხელს უწყობენ საზოგადოების გახლეჩას და პოლარიზაციას, ლომჯარიას და გიგაურს სამოქალაქო საზოგადოებად გვასაღებენ, არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას, კამიტით ჩვენი ხალხის მოწამვლა დაგვაბრალეს, შავი ფულის შემოტანით საჯაროდ გვემუქრებიან, მოსკოვის მექანიზმზე სამინისტროს თანამშრომელს ექსპერტად გვისაღებენ, რეზოლუციებში დღემდე სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად და ზურაბიშვილს პრეზიდენტად მოიხსენიებენ, აგრძელებენ ზეწოლას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, გვისანქცირებენ დამოუკიდებელ ტელევიზიებს, შუა კორიდორზე საუბრისას, საქართველოს აიგნორებენ.

ჩვენ ვართ სამი ათას წლოვანი თავმოყვარე ერის, თავმოყვარე ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ პასუხი გავცეთ. ეროვნული თავმოყვარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა დაკარგო, ისევე როგორც არ უნდა დაკარგო შენი სუვერენიტეტი. ჩვენ ამ ყველაფრის ატანა მოგვიწია იმის გამო, რომ პროქსი ომად ვერ გამოგვიყენეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები