პეტრას ციხის ტერიტორიაზე სამეურნეო ნაგებობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პეტრას ციხის ტერიტორიაზე დაიწყო სამეურნეო ნაგებობის საკონსერვაციო სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 000 ლარია გამოყოფილი.
ხსენებული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს არქეოლოგიური უბნების კონსერვაციის პროცესის გაგრძელებას, რომლის პირველი და მეორე ეტაპი წინა წლებში წარმატებით განხორციელდა და მოიცავდა ციხის ტერიტორიაზე არსებული სამნავიანი ბაზილიკის, აბანოს, ციხის შიდა კედლისა და წყლის რეზერვუარის კონსერვაცია/რეაბილიტაციას.
სამუშაოები მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ძეგლის ავთენტიკურობის შენარჩუნებასა და შემდგომი დაზიანებების პრევენციას.