ბექა ნაცვლიშვილი: ბალტიისპირა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ იყო ყოველთვის სკეპტიკური, რადგან ისინი იყვნენ ცალსახად სააკაშვილის მომხრეები
დამოკიდებულება, ზოგადად, ბალტიისპირა ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელი ქვეყნების ევროპარლამენტარების მიერ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ იყო ყოველთვის სკეპტიკური, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იყვნენ ცალსახად სააკაშვილის მომხრეები, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო უკრაინა და მოლდოვასთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაშია, თუმცა რადგან ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონს, სჯის ქვეყანას, რაც, მისი შეფასებით, უსამართლობაა.
„მე ვაკრიტიკებ დღევანდელ ხელისუფლებას. 2022 წელს, როდესაც კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევდნენ, მე წავედი ბრიუსელში, ჩემი კოლეგები ვნახე და ვეცადე მაქსიმალურად, რომ უარი არ ეთქვათ კანდიდატის სტატუსისთვის. არ თქვეს უარი საბოლოო ჯამში, მაგრამ დამოკიდებულება იყო ძალიან სკეპტიკური და უსამართლო. იყო მომენტი 2019 წელს, როდესაც ჩვენ დელეგაციას სურვილი ჰქონდა, რომ ეს სამეული კი არ შექმნილიყო – მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, არამედ ჩვენ იმდენად წინ ვიყავით მოლდოვასა და უკრაინაზე, რომ ბევრად უფრო სწრაფად გადაგვედგა ნაბიჯები. მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ეს სამეული ჩამოყალიბებულიყო. ობიექტური მოცემულობა არის ასეთი, რომ ჩვენ ვართ უპირატეს მდგომარეობაში, მაგრამ თქვენ საკითხს აყენებთ ასე, რადგან ხელისუფლება არ მოგწონთ, გინდათ დასაჯოთ ქვეყანა. ეს არის უსამართლობა. ჩვენ რაც არ უნდა ხელისუფლება არ მოგვწონდეს, არ გაქვთ უფლება ქვეყანა დასაჯოთ“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.