მამუკა მდინარაძე – ჩვენ დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

„ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარების ბიუროებთან განვითარებულ პროცესებს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, აქციის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ არევენ ქვეყანას და ამას ისინი ვერ შეძლებენ.

მისივე თქმით, ასეთი პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია რაც ნაცმოძრაობის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს დაემართათ, ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინათ თავად მათ.
„როგორც ჩანს, ეს ადამიანები 2003 წლიდან ვეღარ განვითარდნენ. მაშინდელი მეთოდოლოგიით რაღაც სპექტაკლებს აწყობენ, რომელსაც შემდეგ გაგრძელება არ აქვს. ნახეთ, ზოგი ოფისიდან კუდამოძუებულები გაუშვეს, ზოგან ღობეს მიახტნენ და ბოქლომები ჩამოკიდეს, ზოგან დარეკეს და გთხოვთ სამსახურებიდან არ გაგვყაროთო რეგიონული ოფისის წარმოამდგენლებმა, იქნებ დაგვაკიდებინოთ ბოქლომებიო, ჩვენს მომხრეებს, მაჟორიტარებს და ხალხს სთხოვენ“ – აცხადებს მდინარაძე.
მისივე თქმით, ამ გაცვეთილ კმარელებს თავისი სათქმელი ხალხმა უთხრა.
„როდესაც ეუბნებიან მოქალაქეები, რომ რა პროპორციული, ხალხის მწამებლებთან გვაქვს საქმე და ხალხის მწამებლები აპროტესტებთ პროპორციულზე გადასვლას, ეს არის რეალობა, რაც საზოგადოებაში მუსირებს აზრის სახით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მარგინალი „კმარელების“ განუვითარებლობამ მოგვცა დღევანდელი ეს ცუდი სპექტაკლები. არ გამოვრიცხავ, რომ საპროტესტო აქციაზე შეიძლება არის არაერთი გულწრფელი მოქალაქე, ვისაც მართლა სჯერა თავისი აზრის, რომ ხელისუფლება არ მოიქცა კარგად. პატივს ვცემთ, ვუფრთხილდებით მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას. ნახეთ, როგორ დაიშალა აქცია, როგორ იმოქმედა პოლიციამ და დღეს, რაც ყველაზე მთავარი იყო პოლიციას მოუწია ხალხისგან ნაციონალური მოძრაობის, ბოკერიას ფრთის დაცვა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები