არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, სამართლიანად, ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2024 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არცერთ სხვა ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიას, “ქართული ოცნების“ გარდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

“მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ, სამწუხაროდ, საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილება, რომელიც ერთი წლის წინ მივიღეთ, 2024 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რჩება ძალაში და ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, წინა რომელიღაც ხელისუფლებას, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ის არის ასახული კონსტიტუციაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები, დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

“რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, 2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭირვალედ და სამართლიანად, ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ, მოვუწოდებ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაა, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ხშირად გაიმეორონ. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება საკუთარი რეაქცია. შესაბამისად, პარლამენტი აგრძელებს ფუნქციონირებას და ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის ის საკითხები, რომლებიც ჩამოვთვალე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას და დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალება არავის მიეცემა.

“ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ იქნება სიმშვიდე, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია დღის წესრიგში. ეს არის: მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს გაუადვილებს საკუთრების დარეგისტრირებას; სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში განიხილება; საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც არის გათვალისწინებული ხელფასების ზრდა ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. გათვალისწინებულია პენსიების ზრდა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რესურსი დევნილებისთვის საცხოვრისების ასაშენებლად, ისევე, როგორც მსხვილი რეგიონული პროექტებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამას და მივიღებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები