ოკუპირებული ცხინვალის “კგბ” ვაჟა გაფრინდაშვილს უსმენდა – სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გასაჯაროვდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. კგბ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრის სტენოგრამას ავრცელებს.

როგორც კგბ-ს განცხადებაშია აღნიშნული, „კომიტეტის ხელთ არსებული მონაცემები და ობიექტური კონტროლის შედეგად მიღებული ცნობები მეტყველებს იმაზე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, კარგად მომზადებულ და წინასწარ დაგეგმილ ხასიათს ატარებდა“.

„კგბ“-ს ინფორმაციით, გაფრინდაშვილი ნოემბრის დასაწყისში მივლინებაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რომლის დროს ეწვია ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მათ შორის ესტონეთს. 4 ნოემბერს იგი თბილისში დაბრუნდა, სადაც 5-8 ნოემბერს „მედი ქლაბში“ პაციენტებს ღებულობდა. 6 ნოემბერს გაფრინდაშვილმა „საქართველოს ბანკში“ „სოლო“-ს პრემიალური პაკეტის ფარგლებში, 21000 ლარი აიღო. 8 ნოემბერს გაფრინდაშვილმა პაციენტებთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა და შეატყობინა მათ, რომ შაბათ-კვირას თბილისში არ იქნებოდა და მუშაობას ორშაბათს, 11 ნოემბერს გააგრძელებდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის საუბრის სტენოგრამა, რომელსაც ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

პირველი საუბარი – 08.11.2019; 15:27

გაფრინდაშვილთან ტელეფონმა დარეკა

ვაჟა: გამარჯობა ავთო

ავთო: გამარჯობა ბატონო ვაჟა

ვაჟა: ავთო, ჩვენთვის დრო როდის იქნება?

ავთო: რას ფიქრობთ მომავალ კვირაზე, გეეჭვებათ?

ვაჟა: შაბათს არ გამოვა?

ავთო: შაბათს საგურამოში მივდივარ. სამსახურიდან დამირეკეს და საგურამოში უნდა წავიდე, ჩავალ და დავაზუსტებ.

ვაჟა: აუცილებლად დამირეკე. იმიტომ, რომ გენაც მოდის, აპირებს გაკეთებას, კვირას მე თბილისში არ ვიქნები, ამიტომ დაგირეკე.

ავთო: დილით გავარკვევ, სამსახურში კონდიციონერებს ამონტაჟებენ, აუცილებლად დაგირეკავ.

ვაჟა: კარგი, კარგი. (ფონად ისმის ქალის ხმა).

მეორე საუბარი – 08.11.2019 – 15:36

საუბარი ინგლისურ ენაზეა.

ქალი: გამარჯობა ექიმო, როგორ ხართ?

ვაჟა: გამარჯობა, თქვენ როგორ ხართ.

ქალი: კარგად! ხვალ მუშაობთ?

ვაჟა: არა, ხვალ არ ვმუშაობ

ქალი: დღეს?

ვაჟა: დღეისთვის დავასრულე, და რა პრობლემა გაქვთ?

ქალი:( გაურკვევლად) ოპერაცია მჭირდება.

ვაჟა: არა, დღეისთვის დავამთავრე. იქნებ ორშაბათს? მოდით ორშაბათს, კარგით?

ქალი: კარგი

9 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე გაფრინდაშვილი „ვენდისთან“ კოლეგას ირაკლი კარტოზიას ხვდება, რის შემდეგ ისინი ტაქსით დასახლებულ პუნქტ საკორინთლოსკენ გაემგზავრნენ. 11:00-11:40 საათის პერიოდში გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს კვეთს, სოფელ მონასტრის მიმართულებით, რასაც 11:40 საათზე კარტოზიას ატყობინებს მორიგი საუბრის დროს“.

მესამე საუბარი

ვაჟა: უკვე სოფელში ვარ

ირაკლი: იქ ხარ? ჩვენ წავალთ?

ვაჟა: კი, კი უკვე სოფელში ვარ.

ირაკლი: სიმშვიდეა?

ვაჟა: კი, ჯერჯერობით არავინ მაქცევს ყურადღებას. სოფელში ხალხი არის, ახლა ცენტრში გავალ, კაფეს ვიპოვი და ყავას დავლევ.

ირაკლი: კარგი.

„ამის შემდეგ გაფრინდაშვილს აკავებენ. დაკითხვის დროს ვაჟა გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, იმიტომ რომ სოფელ მონასტერში მდებარე ეკლესიის მონახულება უნდოდა, ამასთან საკუთარ რელიგიურ შეხედულებებზე ვერაფერი კონკრეტული ვერ თქვა. გაფრინდაშვილმა არც პარტიულ კუთვნილებაზე ისაუბრა და მხოლოდ ის თქვა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მომხრეა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას აღიქვამს, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებას თავისუფლად გადაადგილების შესახებ.
სამხრეთ ოსეთს ის ქართულ ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთს კი ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმითვე, ის როგორც საქართველოს მოქალაქე იტოვებს უფლებას გააკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება და კანონიერი მეთოდით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტების ცვლილება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები