„როგორ დავეწიოთ მკვდარ კურდღელს“ – ილიკო ზაუტაშვილის გამოფენა გაიხსნება

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში  ილიკო ზაუტაშვილის გამოფენა – „როგორ დავეწიოთ მკვდარ კურდღელს“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში ჩატარდება და სახელწოდება „როგორ დავეწიოთ მკვდარ კურდღელს“ მოტივაციაა მუდმივი ძიებისთვის, რომელიც, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს მხატვრის თანაზიარობას დასავლურ თანამედროვე ხელოვნებასთან, მეორე მხრივ კი, მონიშნავს იმ მხატვრულ ამოცანებს, რომლის გადაწყვეტასაც ილიკო ზაუტაშვილი თავის შემოქმედებაში ცდილობს.
„გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მეტწილად 2019 წელსაა შექმნილი და ხელოვნების ენით, მხატვრის მიმდინარე განწყობებს, მისი სააზროვნო და საარსებო სივრცის თავისებურებებს წარმოაჩენს. ზაუტაშვილის ინტერესი ადამიანის ცნობიერების და ცხოვრების მოსაზღვრე და ხშირად წინააღმდეგობრივი ტერიტორიებია. ესაა ფილოსოფია და პოლიტიკა, სოციუმი და პირადი ცხოვრება, სექსუალობა… ხელოვნება მისთვის რეალობასთან შეხების საშუალებაა, რის გამოც ის ნაკლებ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ხელოვნების დროებით ტენდენციებს და ცდილობს თავის ნამუშევრებში მარადიულ, ეგზისტენციურ თემებს შეეხოს. მისი მიზანია, მნიშვნელობა ნამუშევრის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთობამ შექმნას და არა მასში ხელოვნურად ჩადებულმა კონცეფციამ, რაც შემდეგ გრძელი განმარტებითი ტექსტების აუცილებლობას იწვევს. სწორედ ამიტომ, საბოლოო მხატვრული შედეგი, მის შემოქმედებაში, განზრახულობის მიღმა ვლინდება და ინტერპრეტაციის უსაზღვრო თავისუფლებას სთავაზობს მაყურებელს.
„ხელოვნება რომელსაც მე ვეძებ, პოლარულ მოვლენებს შორის ჩნდება და გლობალურ თემებს ეხმაურება. დამოუკიდებლობა და თავისუფლება სწორედ ის პირობებია, რომელზეც პიროვნების და საზოგადოების ურთიერთობა უნდა აიგოს. ხელოვნება რეალობასთან შეხების და ახალი იდეების გამოვლენის საშუალებაა. ჩემი მიზანი ახალი მნიშვნელობების აღმოჩენაა, რომელიც ცხოვრების დაფარულ და პარადოქსულ კონტექსტს ავლენს“ – ამბობს მხატვარი.
ერთი რამ, რაც მხატვრის ყველა ნამუშევარს აერთიანებს ისაა, რომ ისინი არ არიან ამა თუ იმ პრობლემის უბრალო ილუსტრაცია ან ციტირება ხელოვნების საშუალებით. მისი ნამუშევრები ყოველთვის ტოვებენ ადგილს რეკონსტრუქციისა და ფანტაზიისთვის. მისთვის ხელოვნება, ისევე როგორც ცხოვრება, ყველაზე მოულოდნელი შეკითხვებისთვის განკუთვნილი სივრცეა. შეკითხვების, რომლებიც უპასუხოდ დარჩენის შემთხვევაშიც კი, თითქმის ამომწურავ ინფორმაციას იძლევიან თანამედროვეობის შესახებ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია მაგდა გურული.
პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები