კახა კალაძე: 2020 წელს მოსახლეობა გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან მიიღებს
თბილისის მერი, კახა კალაძე “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის შედეგებს აფასებს. მისი თქმით, კვლევებს არ ენდობა.
კალაძის განცხადებით, 2020 წელს მოსახლეობა გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან მიიღებს.
“მე გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს იმიტომ, რომ თუ ჩვენს სტატისტიკას გადავხედავთ 2012 წლამდეც და მოყოლებული შემდეგ, შეგიძლიათ ნახოთ ყველა ეს კვლევა, რეალურ შედეგთან ისინი ყოველთვის აცდენილი იყო. მე არ მჭირდება არავის კვლევები. მე ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია “ქართული ოცნების” და პირადად ჩემს მიმართ. თუ მთლიან ოპოზიციას “ქართული ოცნება- დემოკრატიულ საქართველოზე” ორჯერ მეტი რეიტინგი აქვთ მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო. მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან”, – განმარტა დედაქალაქის მერმა.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემდა, “ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ კი 15 პროცენტი.