დავით ჭიჭინაძე: ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს
ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ გამოეხატა საერთო პროტესტი, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოლაპარაკების პირობა დაარღვია.
როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ისევ მოახერხა ამ კონტექსტიდან ამოხტომა და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა“.
„პროტესტი სხვა არის, რევოლუცია – სხვა. დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას. ზამთრის პირში არეულ-დარეულობა და კიდევ უფრო ჩამოქცეული ეკონომიკა არა მგონია, რომ ადამიანებს ცხოვრებას უადვილებდეს. მე პროტესტს შევუერთდი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის შიდა მოლაპარაკებები, რაც არსებობდა, რომ ეს ყოფილიყო საერთო პროტესტი, დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ კონტექსტიდან ამოხტომა და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. ეს უკვე არ იყო საერთო ოპოზიციური პროტესტი, ეს იყო მათი პროტესტი. სამწუხაროა, რომ პროტესტის ჩამქრობი ისევ და ისევ გვევლინება „ნაციონალური მოძრაობა“. ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და მათი მოსვლა გამორიცხულია. ეს მითიური თარიღები, რომ 23 ნოემბერი ახლოვდება და „მიშა მაგარიას“ დაკვრებით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იქ მყოფ ადამიანს, ვისაც კავშირი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე მთელ საზოგადოებას.
პროტესტის გამოხატვის ფორმა არსებობს, მაგრამ არა რევოლუცია. ვფიქრობ, რომ რევოლუცია და „ნაციონალურო მოძრაობის“ გამარჯვება საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის აქციასთან შედარებით, ბევრად ცივილურად იმოქმედა.
„გუშინდელ პროცესებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის აქციასთან შედარებით, ბევრად ცივილურად ჩაატარა ეს და არ გვყავს დაზიანებულები, შუბლდახეთქილები. კარგია, დასკვნა გამოიტანეს, პირდაპირ რეზინის ტყვიებით არ დაიწყეს , ჟურნალისტებს ერიდებოდნენ. ესეც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ყოველი შეცდომის შემდეგ ადამიანი თუ აანალიზებს და იმას აღარ უშვებს, ესეც დასაფასებელია. თუმცა, რეალურად, „ქართულ ოცნებას“ დასაყრდენი საზოგადოებაში პრაქტიკულად არა აქვს, მაგარამ ამით ვერასოდეს ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენეს.
თამუნა შეყილაძე