“დარწმუნებული ვართ, საკანონმდებლო ინიციატივას უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს”

0

„მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს“, – ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაში ერთმანდატიანი ოლქების გაორმაგებისა და, შესაბამისად, ამ ოლქებში მცხოვრები მოქალაქეების რიცხოვნობის განახევრების პირობებში (150 ოლქი 73-ის მაგივრად), არსებითად და ხელშესახებად გაიზრდება და გაუმჯობესდება მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩევლებისადმი პერსონალური პასუხისმგებლობის ხარისხი, აგრეთვე, მათი საქმიანობის შედეგები და ეფექტურობა. ცხადია, ასეთი მოდელი საგრძნობლად გააძლიერებს და გააქტიურებას, საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით, ხალხის მონაწილეობას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში.
მაჟორიტარი დეპუტატები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა უშუალოდ მათი ინიციატივაა, ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან.
„გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა წარმოადგენს უშუალოდ ჩვენს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას და ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდთან. თუმცა, გვჯერა, რომ სწორედ ჩვენს გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობების პირობებში, შევძლებთ თანაგუნდელების დარწმუნებას ჩვენი ინიციატივის მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი