ანა ნაცვლიშვილი: ქართულ საზოგადოებას და ქვეყნის ინტერესებს ჯიბრში ნუ ჩაუდგებით

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” სპიკერი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებს ჯიბრში ნუ ჩაუდგება. მისი თქმით, “ლელო“ დგას იქ, სადაც ქართული საზოგადოებაა და ყველა პროტესტს, რომელიც იქნება სამართლიანი, შეუერთდება.

“ზუსტად იმიტომ, პატივცემულო მმართველი პარტიის ლიდერები, რომ 30 წელია გვაქვს ასეთი საარჩევნო სისტემა, ამიტომ ტრიალებს ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე და ამიტომ ვერ დავიწყეთ გარღვევა ამ მოჯადოებული წრის. ამის შესაძლებლობას იძლევა სწორედ ის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ ახალი სისხლი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი და ერთხელ და სამუდამოდ, პარლამენტმა რეალურად ასახოს ქართველი ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქეების ნება და არა რაიმე სხვა ინტერესი. დღევანდელი ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, განსხვავებული წარსულით და განსხვავებული წარსულით და განსხვავებული მომავლის ხედვებით, მაგრამ ერთიანი იმაში, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი საარჩევნო სისტემით. ამასთან, ის პროტესტი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რუსთაველზე, არ არის მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პროტესტი. საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო“ დგას იქ, სადაც დგას ქართული საზოგადოება და შეუერთდება ყველა პროტესტს, რომელიც იქნება სამართლიანი. მოგიწოდებთ, რომ იაზროვნოთ და მოიქცეთ სახელმწიფოებრივად, ნუ ჩაუდგებით ჯიბრში ქართულ საზოგადოებას და ქვეყნის ინტერესებს. ყველანაირი პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე დაგეკისრებათ თქვენ”,- განმარტა ნაცვლიშვილმა.

​​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო. ​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. კანონპროექტის ჩავარდნამ საპროტესტო აქციები გამოიწვია.

​პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სპეციალური დანიშნულების რაზმების მობილიზება შეინიშნება. შსს-მ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ არაერთხელ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები