ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველის განცხადება მისი უფლებამოსილების სფეროს გასცდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება მისი უფლებამოსილების სფეროს სცდება.
“აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს და ომბუდსმენის არსს ეს განცხადება. ვის ინტერესებს ატარებს არ მაინტერესებს, არ არის ეს მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება, კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად,”- განმარტა კობახიძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც ლომჯარია “ფეისბუქზე“ წერს, პარლამენტის პიკეტირება კანონიერი არ არის, თუმცა მისი თქმით, “ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა“.