ირაკლი კობახიძე: 150 არ უდრის 77-ს, ეს იურისტებმა, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას, იციან და სამწუხაროდ, ატყუებენ საზოგადოებას
ჩვენ ვერ შევალთ კონსტიტუციურ პროცესში და საარჩევნო სისტემის განხილვაში. ესაა ჩვენი მკაფიო პოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალიტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, გერმანული სისტემა აბსოლუტურად განსხვავებულია, სწორედ ამიტომ ეწოდება მას არა პროპორციულ-მაჟორიტარული, არამედ პერსონალიზებული პროპორციული სისტემა.
“მოქმედ კონსტიტუციაში წერია მარტივი რამ, დადგენილია ე.წ. პარალელური კენჭისყრის სისტემა, ესაა დამოუკიდებელი საარჩევნო სისტემა, კერძოდ, კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, 73 მანდატი- მაჟორიტარული წესით. გერმანული სისტემა აბსოლუტურად განსხვავებულია, სწორედ ამიტომ ეწოდება მას არა პროპორციულ -მაჟორიტარული, არამედ პერსონალიზებული პროპორციული სისტემა და რატომ, რადგანაც პროპორციულია მანდატების განაწილების წესი. გერმანული მოდელის თანახად, 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით. უბრალოდ, აქედან პერსონალურად 73 მანდატი იმ დეპუტატებს მიენიჭება, რომლებიც არჩეულნი არიან ერთმანდატიან ოლქებში. 150-ვე მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, კონსტიტუციაში წერია -77. 150 არ უდრის 77-ს. ეს რა თქმა უნდა, იციან იმ იურისტებმა, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას, ეს იციან სხვებმაც და სამწუხაროდ, ატყუებენ საზოგადოებას“, – აცხადებს კობახიძე.