აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მიწისქვეშა მშენებლობისას მუშამ ფეხი დაკარგა
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოებისას მუშამ ფეხი დაკარგა, სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
“დღეს მიწისქვეშა კომუნიკაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაშავებული ორი მუშა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. ერთ მათგანს აღენიშნება მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა, მეორეს კი ორივე ფეხზე მრავლობითი დაზიანება. ამ წუთებში, ორივე პაციენტს საოპერაციოდ ამზადებენ”, – ამბობენ უწყებაში.
შეგახსნებთ, რომ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მიმდინარე მიწისქვეშა კომუნიკაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მუშას რკინის კონსტრუქცია დაეცა, რის შედეგადაც, ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, ბადრი პაქსაძის ინფორმაციით, ფეხი დაკარგა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.