“9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია” – მიხეილ ყაველაშვილი

“9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, 9 აპრილი ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღეა.

„1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია – ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა.

რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას! ამ ღამით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერის ხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა!

9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!

9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია.

მადლობა თავისუფლებისთვის! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები