რუსეთში აცხადებენ, რომ მათი მოქალაქეები უცხო ქვეყნებში იდევნებიან, მათ შორის საქართველოშიც – მოხსენებას გაეროს, ევროპის საბჭოს წარუდგენენ

0

დაკავებები, რუსების ექსტრადიცია, რუსული ენის დისკრიმინაცია, ძეგლების შეურაცხყოფა და ჟურნალისტების უფლებების დარღვევა, 2019 წელს წინა წლებთან შედარებით ხშირად ფიქსირდებოდა.

ამის შესახებ რუსი უფლებამცველების მიერ მომზადებულ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც 22 ნოემბერს დუმას, შემდეგ კი, ვლადიმირ პუტინს წარუდგენენ.

გარდა ამისა, მოხსენების გაგზავნა იგეგმება გაეროს შესაბამის სტრუქტურაში, ევროპის საბჭოში, ეუთოში.

მათი თქმით, საერთაშორისო კონფრონტაციის პირობებში რუსეთის მოქალაქეები უფრო ხშირად აწყდებიან „უკანონო მოპყრობას, პროვოკაციებს და სიძულვილის კამპანიებს“.

რუსი უფლებადამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ საჭიროა რუსეთმა საზღვარგარეთ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ახალი მექანიზმები შექმნას და საკუთარი ძალისხმევა კოორდინაციაში მოიყვანოს საერთაშორისო საზოგადოებრივ და საპარლამენტო ორგანიზაციებთან.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გახშირდა რუსეთის მოქალაქეების დაკავება და ექსტრადიცია. 2016-2019 წლებში 40 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე ხმაურიანია ბულგარეთიდან ალექსანდრე ჟუკოვის ექსტრადიცია, რომელსაც ბრალი ხაკერობაში ედება; ასევე საქართველოში ოლეგ ტიშჩენკოს დაკავება, რომელსაც ბრალად აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავების ექსპლუატაციის ინსტრუქციის შეძენას ედავებიან; ასევე აშშ-ის მოთხოვნით „როსტეხის“ ტოპ-მენეჯერის ალექსანდრე კორშუნოვის დაკავება.

როგორც საკითხის კომენტირებისას დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტიტე ზატულინმა განაცხადა, რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაცია რუსეთის დემონიზაციის გაძლიერების გამო ხდება, ასევე ახალგაზრდა სახელმწიფოებს ამ გზით სურთ საკუთარ თავზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთონ.

მისი თქმით, ვითარების გამოსწორება შესაძლებელია რუსეთის მკვეთრი გადაწყვეტილებით შეცვალოს პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ იმის გათვალისწინებით თუ როგორია მათი დამოკიდებულება რუსული ენის და რუსების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი