რატომ უჭირს რეალიზაცია ქართულ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე

ეკონომისტებსა და ფინანსისტებს დღემდე უჭირთ ახსნან მიზეზი, რატომ ვერ ახერხებენ თანამშრომლობას ქართველი მეწარმეები და და ადგილობრივი მსხვილი სუპერმარკეტები, მაშინ როცა ორივე სეგმენტის ინტერესი საერთოა,- პროდუქტის მეტი რეალიზაცია.

Report.ge-ს სოფელ პატრიკეთის(წყალტუბოს რაიონი) მკვიდრი, სასათბურე მეურნეობის მქონე, მეწარმე, ივანე ლაფაჩი უყვება, რომ ქუთაისში ორ ცნობილ სუპერმარკეტს საკუთარი პროდუქციის განსათავსებლად დაუკავშირდა. შეთანხმება ვერ შედგა, რადგან მეწარმის შეფასებით, კაბალური პირობები შესთავაზეს.

“2000-3000 ლარი უნდა მედოს დეპოზიტზე. სამი სათბური მაქვს და არ მაქვს ფუფუნება მუდმივად 2000 ლარი ხელუხლებელი მედოს ბარათზე. ჩემთვის ეს არაა პატარა თანხა. გამოდის, რომ ჩემი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტით ვერ მოვამარაგებ ჩემსავე თანამოქალაქეებს. ეს არ არის სწორი. ეს პარქტიკა უნდა აღმოიფხვრას. იმის ნაცვლად ქართულ პროდუქტს შეღავათებს უწესებდნენ, საერთოდ მიზღუდავენ ადგილობრივ ბაზართან წვდომას,” – გვითხრა მეწარმემ.

პრობლემას აღიარებს “კარ.ჯის” დამფუძნებელი, მარკეტოლოგი ტარიელ ზივზივაძეც. მისი ინფორმაციითაც, იმის გამო რომ ქსელურ მარკეტში შესვლის სანაცვლოდ, კომპანიები გარკვეული თანხის დეპოზიტზე დასმას სთხოვენ მეწარმეებს, ადგილობრივი ფერმერები ვერ შედიან ასეთ ქსელებში. ზივზივაძის თქმით, საშუალო ბიზნესი იძულებულია გახსნას საკუთარი საფირმო მაღაზია. მცირე მეწარმეს კი ეს არ შეუძლია. მაშინ, როცა ყველა უნდა ვცდილობდეთ ქართული წარმოების ხელშეწყობას, ამგვარი პრეცედენტები არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს.

“დეპოზიტის თანხა ინდივიდუალურია, თუ იმავე პროდუქციას სხვა კომპანიებიც აწარმოებენ, გადასახადი უფრო მეტია. ეს თანხა, რამდენადაც მეწარმეებისგან ვიცი, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, უკან უბრუნდებათ მწარმოებლებს, მაგრამ დამწყები მეწარმისთვის ეს ნამდვილად ხდება ქსელურ მარკეტებში შესვლის დამაბრკოლებელი ბარიერი,” – განუცხადა Report.ge-ს ტარიელ ზივზივაძემ.

წყარო: Report.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები