“არც ერთ შემთხვევაში არ იყო დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები” – რის გამო დაჯარიმდა ოზურგეთში 15 საბავშვო ბაღი

0

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების 45 ობიექტში დარღვევები გამოავლინა. დაჯარიმებული დაწესებულებების შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 15 სკოლამდელი აღზრის დაწესებულება მოხვდა.
„რეგიონული კვირა“ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას ესაუბრა. ჭყონია იმ დარღვევების შესახებ საუბრობს, რის გამოც ოზურგეთში საბავშვო ბაღები დაჯარიმდა.
„ივნისის ბოლოდან მოყოლებული, რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ორთვენახევარში სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო. არ არის ასე მარტივი, რომ რამდენიმე ბაღში ერთდროულად გაკეთდეს რემონტი, პროცედურებია ჩასატარებელი.  ეს პროცესი დროში გაიწელა და ვერ მოხერხდა ამ სარემონტო სამუშაოების დროულად დასრულება. ბაღები სწორედ ამის გამო დაჯარიმდნენ. რამდენიმე ბაღში პერსონალის ტუალეტის შეკეთება, გარეთ აშენებას ითხოვდნენ, რამდენიმე ბაღში ფანჯრის შეცვლას, რეცხვადი რომ ყოფილიყო. მხოლოდ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული პრობლემების გამო იყო გამოწვეული სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯარიმა“,- ამბობს მაკა ჭყონია.

ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნავს, რომ არც ერთი ბაღი მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო არ დაჯარიმებულა.
„არც ერთ შემთხვევაში, არც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, არც პროდუქტზე ეტიკეტირების ნორმა არ იყო დარღვეული. აღნიშნულის მონიტორინგს ჩვენი სამსახურიც აწარმოებს. აქ იყო მხოლოდ სარემონტო სამუშაოები, რომელიც ვერ მოესწრო და ამ ვადაში, შეუძლებელიც იყო ამის მოსწრება. თუმცა, ერთი რამეც მინდა აღვნიშნო, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებს გვაძლევს, როცა სარემონტო სამუშაოებს ეხებოდა შარშანაც, ჩვენ ყოველთვის ვწერდით მათ წერილს და ვაფრთხილებდით ამის შესახებ“,- აღნიშნავს ჭყონია.

მაკა ჭყონია ამბობს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოფიციალური წერილით როგორც სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა ასევე მერიამაც მიმართა და მათ სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ვადის გადაწევა ითხოვეს.
„ჩვენც მივწერეთ, მერმაც მისწერა, რომ სარემონტო სამუშაოები გარკვეული დროს საჭიროებდა და ვადა გადაეწიათ. ყოველთვის ითვალისწინებდნენ და ყოველთვის ხდებოდა ამ ვადის გადაწევა, რომ არ დაჯარიმებულიყო ბაღები. ვერ გეტყვით რატომ არ გაითვალისწინეს ჩვენი მიმართვა. თითოეულ ბაღს 400 ლარიანი ჯარიმა დაეწერა“,- ამბობს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების 45 ობიექტში დარღვევები გამოავლინა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის დარღვევები ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი