ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა 500 ძირი ნერგი დარგეს
“ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა, ორგანიზაცია “ქალები მომავლისათვის” წარმომადგენლებთან ერთად, ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ, ქვედა საქარის თემში, 25 ათასი ძირის დარგვის აქციის ფარგლებში, 500 ძირი ნერგი დარგეს. პარალელურად ქარსაცავი ზოლის შემოღობვის სამუშაოებიც ჩატარდა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა აღნიშნა, რომ კომპანიისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტული მიმართულებაა.
“აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ქარსაცავი ზოლი 4,5 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფეროშენადნობთა ქარხნისთვის, ისე მიმდებარე სოფლებისთვის.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებაა”. – განაცხადა ვასილ გველესიანმა.
გამწვანების პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება. “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში, აპრილში და ოქტომბერში თანაორგანიზატორებთან და მოხალისეებთან ერთად ალვის, კვიპაროსის, მწვანე იფანის და აკაციის ხეები დარგეს.