გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები გაიხსნა

გაიხსნა ერთიანი მომსახურების მობილური ექსპრესფილიალები. პირველ რიგში, ეს ემსახურება ხალხისთვის კომფორტის შექმნას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ გურჯაანში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციაზე განაცხადა.

კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნა, რომ ექსპრესფილიალებში მოქალაქეებს 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს, რომ მოსახლეობას ახალი სერვისები შესთავაზოს. დღეს გაიხსნა ერთიანი მომსახურების მობილური ექსპრესფილიალები. პირველ რიგში, ეს ემსახურება ხალხისთვის კომფორტის შექმნას. ექსპრესფილიალებში 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს. ფაქტობრივად, “ერთი ფანჯრის პრინციპით”, დროის მოკლე მონაკვეთში, ყველა ის სერვისი, რომელიც დაკავშირებულია საპატრულო პოლიციის მომსახურებასთან, მოქცეულია ამ პატარა სერვისცენტრში,” – განაცხადა კახა საბანაძემ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.

დღეიდან ამოქმედდა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორი ექსპრესფილიალი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ელექტრონული განცხადებების მიღების ფუნქციით.

პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი “ერთი სარკმლის პრინციპით“, დროის ნაკლები დანახარჯით, პერიოდულად, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება.

ექსპრესფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ და იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურებიან, სადაც მოქალაქეებს ე.წ. “მე-12” ოთახით სარგებლობა, ან საპოლიციო სერვისის მისაღებად, ამ დრომდე, სხვა ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ.

ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვის პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და სოციალური კამპანიის – “მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი სხვადასხვა კომპლექსურ ღონისძიებას მოიცავს, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ასევე, საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები