აკაკი ზოიძე: პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლა არის მნიშვნელოვანი, ეს იყო ის დაპირება და შეთავაზება, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით

0

“ჩვენ პირობა მივეცით არა ნაცმოძრაობას, არა ჩვენს ოპონენტებს, არამედ საზოგადოებას და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს იხილავენ.

აკაკი ზოიძის განცხადებით, მისთვის გასაგებია კოლეგების შეშფოთება და წუხილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს იყო ის დაპირება და ის შეთავაზება, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას მისცა და უმნიშვნელოვანესია ხალხის რეალური ნდობა. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო ამბობს მმართველი ძალა უარს უპირატესობაზე. აკაკი ზოიძის თქმით, მნიშნელოვანია ისიც, რომ სასწორის პინაზე დევს მმართველი ძალის რეპუტაცია როგორც მისი მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

“გასაგებია, რომ არსებობს უარყოფითი მხარეები ამ სისტემის. გასაგებია თქვენი წუხილიც, შეშფოთებაც და მოლოდინებიც იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც შეიძლება არასტაბილურობას მოყვეს პოლიტიკური სისტემის, რომელიც დამახასიათებელია ამ სისტემისთვის, მაგრამ იმ პოლარიზაციის პირობებში, რომელიც დღეს არის პოლიტიკურ ველზე. დასაბალანსებლად და ამ სიტუაციის განსამუხტავად, დღეს, პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლა არის მნიშვნელოვანი. ეს იყო ის დაპირება და ის შეთავაზება, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცით და არა ის, რომ ეს სისტემა გაცილებით უკეთესია შერეულ სისტემაზე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხალხის ნდობა, რეალური ნდობა ხალხის და აქედან გამომდინარე, ვამბობთ უარს იმ უპირატესობაზე, რაც შეიძლება გვქონდეს სტაბილურობის გამო ამ სისტემას მმართველი ძალისათვის. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ იმ ნდობით, რომელსაც ჩვენ საზოგადოებაში მოვიპოვებთ. სასწორის პინაზე დევს ჩვენი კოლექტიური რეპუტაცია. ჩვენ პირობა მივეცით საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რაც ასევე არანაკლებ მნიშნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნების მწყობრში ვიყოთ, საქართველოს ამბიცია აქვს, რომ ავანგარდში იყოს დემოკრატიული მშენებლობის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეხება ასევე პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკურ სპექტრს შანსი, ამ შემთხვევაში, რომ გამრავალფეროვნდეს, აქვს ძალიან დიდი თუ ჩვენ ამ სისტემაზე გადავალთ”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი