დიმიტრი ხუნდაძე: არ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი საარჩევნო მოდელის შექმნაში, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს

0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიმართვას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რატომ არ ემხრობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მისი თქმით, ის და მისი გუნდი არ მიიღებენ მონაწილეობას ისეთი საარჩევნო მოდელის შექმნაში, რომელიც ადამიანების წამებაზე, დამცირებაზე, დაშინებაზე, რეპრესიებზე, საკუთრების წართმევაზე დაფუძნებული ძალადობრივი რეჟიმის, იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობა”, პოლიტიკურ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.

“ვაქვეყნებ მიმართვას, რომელიც დღეს უმრავლესობას გავაცანი და რომელიც თანამოააზრეებთან ერთად მოვამზადე.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე არ იქნება გაზიარებული ჩვენი მოსაზრება, მე იქვე, ჩემს გუნდთან განვაცხადე, რომ ვიტოვებდი უფლებას, საჯარო გამეხადა ჩვენი არგუმენტაცია, ის, თუ რატომ არ ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონტიტუციო ცვლილებებს.
უცვლელად გთავაზობთ ამ ტექსტს:

რას ვაკეთებთ და რას უნდა ვაკეთებდეთ?

მეგობრებო, 7 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ქართველ ხალხთან ერთად ისტორიული არჩევანი გააკეთა თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს. სწორედ იმ დღეებში განაცხადა ჩვენმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა: “ეს არის ყველაზე ცუდი ხელისუფლება, რაც ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ჩვენ მათ არ გავრიყავთ; ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა.“

და ჩვენ არ გავრიყეთ ისინი, ვის ხელშიც ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა ტიპიურ აღმოსავლურ დესპოტიად და ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანისგან მისი ფორმალური დეკლარაციაღა იყო დარჩენილი; ვის მიერაც მონოპოლიზირებული მედიის, დატერორებული ბიზნესის, ნატანჯი პატიმრებით გადავსებული ციხეების და განადგურებული ან ნაყიდი ოპოზიციის პირობებში, დასავლეთს სულ უფრო უჭირდა ჩვენი მხარდაჭერა და სავარაუდოდ შეწყვეტდა კიდეც მას, უვადო მმართველობაგარანტირებული დიქტატორის ხელში, რომელსაც უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას, რაც გამოიხატა ნატოს ასპირანტ წევრობაში, ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესებაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში, თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაში და დემოკრატიის, მედიის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის რეიტინგებში ჩვენი პოზიციის მუდმივ გაუმჯობესებაში – არასდროს საკუთარ ისტორიაში, საქართველო ასე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს.

ეს არის შავ-თეთრი რეალობა და დღევანდელობის პარადოქსი სწორედ ის არის, რომ ის მავნე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სულ ახლახან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის გამრუდებაში, ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობასა და პრორუსულ ორიენტაციაში.

და ეს იცით, რატომ ხდება? ამ გადასახედიდან, შეგვიძლია, ცალსახად დავასკვნათ:

ეს იმიტომ ხდება, რომ 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის მოლოდინების, კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნების საპირისპიროდ, მიიღო, ჩვენი შეფასებით, უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება, პოლიტიკური თანაარსებობა გაეგრძელებინა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიეროვნულ, საშიშ და მავნებელ ძალასთან – ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“. მიგვაჩნია, რომ ეს იყო მძიმე შეცდომა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა და დაამუხრუჭა ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესი, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელისუფლების რესურსი, ძალა და ენერგია დიდწილად იხარჯებოდა არა სახელმწიფოს გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მუდმივად ორგანიზებული ხელოვნური პოლიტიკური კრიზისების, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების განეიტრალებაზე. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ მათ მიერ ჩაფიქრებული სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების უმწვავესი ფაზა, პარლამენტში ძალადობრივად შეჭრისა და ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მცდელობა და სხვა მრავალი ქმედება, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

გაიხსენეთ, როგორ მიუდგნენ ისინი კონსტიტუციურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მათი ბელადის უსასრულო ბატონობაზე მორგებული, სრულიად მახინჯი კონსტიტუციის მაგივრად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია შეიმუშავა, კონსტიტუცია, რომელსაც უმაღლესი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ, – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ღია თუ ფარული სატელიტების მეშვეობით, ამ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით მისი სრული საბოტირება მოახდინა.

გაიხსენეთ, თუნდაც სულ ახლახან, როგორ უპასუხეს ამ ექსტრემისტებმა მათ მიერ დაგეგმილი, თუმცა ვერგანხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების კეთილ ნებას, პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმის და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით წამოეწყო უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმა და ნულოვანი საარჩენო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა პროპორციული არჩევნები – არც მისალმებიან ჩვენს ინიციატივას, პირიქით – სისუსტედ და მარცხად ჩაგვითვალეს ეს ნაბიჯი და შემდგომ, რამდენიმე თვე ქუჩიდან არ გავიდნენ, რომ იქნებ დესტაბილიზაციის კერა და მუხტი შეენარჩუნებინათ.
შეუძლებელია, განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ამ ბოლო დროს განხორციელებული უსინდისო, ფუნდამენტურად არაქართული შეტევა საქართველოს ეკლესიასა და მის უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, რომლის მიმართაც თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა, აქვს გამორჩეული მოკრძალება და პატივისცემა. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის სრულიად თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. ამ მართლაც ბოროტების მსახურებს სხვა რომ არაფერი დაეშავებინათ ცხოვრებაში, ისიც საკმარისი იქნებოდა, რაც იკადრეს და გაბედეს საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმყრობელის წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენი მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მართლაც ისტორიული სიტყვებით, რათა მთელი სიმძაფრით გვეჩვენებინა, რომ ის ღირსეული და ცივილიზებული, ჩვენი ევროპული არჩევანის შესატყვისი მიდგომა, რაც გამართლებული და მისასალმებელი იქნებოდა ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით, სრულიად კონტრპროდუქტიული და მეტიც, ქვეყნისათვის საზიანო აღმოჩნდა „ნაცინალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში, რადგან თავისი ბუნებით ეს არც არის პოლიტიკური ძალა. ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე ქართულ სახელმწიფო სხეულზე, რომლის ამოძირკვის მანდატით ხელისუფლებაში მოსულებმა, ახლა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ ხელოვნურად გავამრავლოთ ეს მავნე უჯრედები.

დიახ, ელემენტარული არითმეტიკული გათვლები ადასტურებს, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით იხეირებს მხოლოდ ერთი ძალა – ერთ დროს ერთიანი და ახლა მარტივ მამრავლებად ხელოვნურად დაშლილი თუ განშლილი “ნაციონალური მოძრაობა“.

ნათქვამია, რომ “კეთილი სურვილებით არის მოკირწყლული ჯოჯოხეთისჯენ მიმავალი გზა“ და ჩვენც თითქოს განზრახ ვიქცევით ასე – პარლამენტში პოლიტიკური მრავალფეროვნების უზრუნველყოფის კეთილშობილური იდეის მიამიტური ხერხით განხორციელების შედეგად, თავად ვაპირებთ ჯოჯოხეთი მოვუწყოთ საკუთარ ხალხს, რადგან მილიონზე მეტი ჩვენი მხარდამჭერისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობის ახლანდელი რაოდენობით შენარჩუნება პარლამენტში – პოლიტიკური ჯოჯოხეთია და სხვა არაფერი.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს განვითარების ამ ისტორიულ ეტაპზე, სულ მცირე, არ გვაქვს უფლება, კიდევ ერთხელ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა და ძირითადად, იმ მიზეზით, რომ ერთმანეთს ვეკეკლუცოთ, თუ როგორი პროგრესულები ვართ ან, თუნდაც ენჯეო-სექტორის მოწონება და შექება დავიმსახუროთ, ჩვენივე ხელით გავანადგუროთ ის მთავარი მონაპოვარი, კერძოდ კი – თავისუფლება და უფლება ვიცხოვროთ შიშის გარეშე – რაც ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს ,,ნაცინალური მოძრაობის“ კაცთმოძულე რეჟიმთან მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად. შეგახსენებთ, რომ დღეს მათ ნამსხვრევებს შორის დისკუსის სწორედ იმ საკითხზე მიმდინარეობს, გამარჯვების შემდეგ რა სიმძაფრით გაარძელონ ქართველი ხალხის მოგუდვა და ჩაგვრა.

ამრიგად, ნებისმიერი პოლიტიკური აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ დანაშაულებრივი ძალის პოლიტიკურ მდგომარეობას, ჩვენს მიერ პრინციპულად და კატეგორიულად არ იქნება მხარდაჭერილი.
ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ისეთი საარჩევნო მოდელის შექმნაში, რომელიც ადამიანების წამებაზე, დამცირებაზე, დაშინებაზე, რეპრესიებზე, საკუთრების წართმევაზე დაფუძნებული ძალადობრივი რეჟიმის პოლიტიკურ რეაბილიტაციას, პარლამენტში დაუმსახურებლად და ხელოვნურად მათი წარმომადგენლობის დღევანდელი რაოდენობით შენარჩუნებას და მათთვის რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო უპირატესობის მინიჭებას შეუწყობს ხელს.

ჩვენ არ გავაფორმებთ გადარჩენის კონკორდატს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სახიფათო საშინაო მტერთან!

რაც შეეხება ჩვენს მიერ ინიცირებული საარჩევნო რეფორმის მთავარ პოსტულატს – ნულოვანი ბარიერის პირობებში უზრუნველგვეყო პატარა და შედარებით სუსტი პოლიტიკური სუბიექტების მაქსიმალური წარმომადგენლობა პარლამენტში.

პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ვალდებულია, შეასრულოს პირობა და ჩვენ გთავაზობთ უკეთეს, უფრო ეფექტიან და ქვეყნისთვის უსაფრთხო გზას ამ პირობის შესასრულებლად, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სიტემაზე დაუყოვნებელი გადასვლაა.

ჩვენი იდეა ეფუძნება რამდენიმე წინაპირობას:

1. ობიექტურად სუსტი ორგანიზაციული რესურსის პირობებში არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ პატარა პარტიები დამოუკიდებლად შეძლებენ პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი 12-13 ათასი ხმის აღებას;

2. ნებისმიერი სანდო კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი ფრაქციის წარმომადგენელს (ვგულისხმობ ე.წ. “ძალა ერთობაშია” და ე.წ. “ევროპულ საქართველოს”) არანაირი შანსი არა აქვს პირველ ტურში მოიგოს რომელიმე მაჟორიტარული ოლქი;

შესაბამისად, ვთავაზობთ უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, შევინარჩუნოთ შერეული საარჩევნო სისტემა და არ დავაყენოთ საკუთარი კანდიდატი არც ერთ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ფრთის გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ კონკურენტუნარიან წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების მოპოვების რეალური შესაძლებლობა და ამ ნაბიჯით გავფანტოთ ყოველგვარი ეჭვი, რომ ჩვენ ჭარბი, საკმარისზე მეტი ძალაუფლების ანდა კვლავაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვისახვთ მიზნად. შედეგად, საზოგადოებისათვის მიცემული დაპირების შესაბამისად, გზა გავუხსნათ პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, მათ შორის, კოალიციურ მმართველობაში, თუ ასეთი რეალობა დადგა.

დარწმუნებული ვართ, რომ მაჟორიტარული არჩევნების ამგვარად ორგანიზების პირობებში ბევრად იზრდება სხვა პოლიტიკური მოთამაშეების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების დამარცხების ალბათობა, რადგან ამ უკანასკნელებს, სინამდვილეში, არ გააჩნიათ ხალხის არავითარი პერსონალური ნდობა და პატივისცემა და სწორედ ამიტომ ილტვიან ასე გამალებით პროპორციული სისტემისკენ, რათა ლამაზ დასახელებებს ამოაფარონ საკუთარი სისხლიანი წარსული და სახე. ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს და იქნებ, ცდუნდეს. თორემ, საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ სჭირდება ცესკო და სოციოლოგია.

ცხადია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით ეფექტურად მოემსახურება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალთა მრავლფეროვნების კეთილშობილურ იდეას და, რაც მთავარია, ეს მიზანი მიღწეული იქნება ისე, რომ არ დავაზიანებთ არცერთ სხვა საზოგადოებრივ სიკეთეს და ინტერესს – ჩვენ მრავალფეროვნების ხარჯზე კი არ უნდა ვახეიროთ ნაცები, ნაცების ხარჯზე უნდა ვახეიროთ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება.

და ბოლოს, ყოველგვარი სპეკულაციების გასაფანტად ვიტყვით, რომ სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დავამარცხეთ ჩვენ აბსოლუტურად მონოლითური და ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხელისუფლება. ამიტომ თუ ხალხის ნდობა ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ის ხელისუფლებაში ნებისმიერ შემთხვევაში მოვა და ამიტომ არანაირი საჭიროება არ არის ხელოვნურად ვუყაროთ სასუქი მავნებლებს.

აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ჩვენი უმრავლესობის ზოგიერთ წევრში უხერხულობას იწვევდეს ის გარემოება, რომ, გარკვეულწილად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზების უკან წაღება გვიწევს. მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, როგორ შეხვდა “ნაციონალური მოძრაობის” ორივე ფრთა და მათი ახალგაზრდული დანამატები ჩვენს ინიციატივას – ნებაყოფლობით გვეთქვა უარი 73 მაჟორიტარულ მანდატზე, რადგან სხვამ თუ არა, ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად გვესმის, რომ არსებულ ვითარებაში, “ქართულმა ოცნებამ” რომ მაჟორიტარული არჩევნები წააგოს ნაცებთან, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს? ჩვენ ხომ მათგან არც მადლობას ვითხოვდით და არც ქათინაურებს, მაგრამ ელემენტარული ადეკვატურობა მოითხოვდა, რომ, მინიმუმ, დადებითი რეაქცია ჰქონოდათ ამ, პირდაპირ ვიტყვი, საჩუქარზე. მათ კი ჯერ თავად მიიწერეს ეს აქტივი და უფრო შორსაც წავიდნენ, უკვე თვეებია ხალხს ეუბნებიან, რომ მათ გვაიძულეს გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ ნუ გვექნება კომპლექსი, რომ რამე უკან მიგვაქვს. რაც გაცემულად არ ჩაგვითვალეს – უკან როგორ წავიღებთ იმას? როცა უტიფართა მხრიდან ასეთ თავხედობას ვაწყდებით, არათუ უფლებამისილი, ვალდებულიც კი ვართ შევცვალოთ მიდგომა და გაკოტრებული დავტოვოთ “ნაციონალური მოძრაობა,”- წერს დიმიტრი ხუნდაძე “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი