ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო “ნაცმოძრაობის” თავდასხმა პატრიარქზე, რომელიც ქვეყნის აღორძინების საქმეს ემსახურება

“მიჩვეული ვართ, რომ როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მის ინიციატივებს ეხება, ვისმენთ ათას სისულელეებს ოპონენტების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში მათი ოპონირება იყო აბსოლუტურად გაუგონარი”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან სხდომაზე წყალტუბოს განვითარების პროექტზეც ისაუბრა.
“მინდა “ქართული ოცნების” სახელით გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა გასული ორი კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში.
პირველი მინდა შევეხო წყალტუბოს თემას, მოგეხსენებათ უპრეცედენტო ინიციატივა იქნა გახმოვანებული ჩვენი პარტიის ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.
ეს არის ინიციატივა – პროექტი, რომელსაც არა თუ არანაირი ხინჯი არა აქვს, ეს არის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წყალტუბოს აღორძინებას, უპრეცენდენტო აღორძინებას და ითვალისწინებს წყალტუბოს ქცევას საერთაშორისო მასშტაბის, უმაღლესი სტანდარტების კურორტად. აქაც კი შეეცადნენ ჩვენი ოპონენტები, რომ მოეძებნათ გარკვეული “არგუმენტები” იმისათვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ჩვენი ქვეყანა, არ უხარიათ არანაირი წარმატება, არანაირი სიკეთე და პირიქით სწყინთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება, რაც არის სიცრუეზე აგებული და ჩვენ ვიცით ეს პოლიტიკური ძალა მთლიანად სიცრუეზეა აგებული, განწირულია, მხილებისთვის და განწირულია წარუმატებლობისთვის, ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს სამშობლო და არც ღმერთის არა სწამს”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, მათი მხრიდან განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პატრიარქზე.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პირადად პატრიარქზე, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, ემსახურება ეკლესიის აღორძინებას და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც ასე გვახსოვს გასული საუკუნის დასაწყისიდან – ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. მათ რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა მათ აქვთ სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, რადგან ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ახალი დროის ბერბიჭაშვილები. ეს არის ხალხის შეფასება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები