საოკუპაციო ძალებმა სოფელ კოდისწყაროსთან ორი მამაკაცი დააკავეს – “საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”
შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმი დაკავებულებს – რამაზ ზადიშვილსა და ზურაბ ტუხიაშვილს ე.წ. სასაზღვრო ზოლის უკანონო გადაკვეთას ედავება.
დაკავების ფაქტი “რეგიონულ კვირას” სუს-ში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
“ვადასტურებთ ორი პირის დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”,- განაცხადეს სუს-ში.
კოდისწყაროს ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა თავად შეატყობინა მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს.
“დამნახავი არავინაა, საიდან მოხდა ბიჭების დაკავება არავინ იცის. საქონელი ჰყავდათ საძოვარზე წაყვანილი და მე როგორც ვიცი, ერთ-ერთმა დაურეკა ოჯახს და თავად შეატყობინა, რომ დაკავებულები იყვნენ დე ფაქტო რეჟიმის მიერ. დაზუსტებით რამის თქმა, ამ დროისთვის მიჭირს”, – განაცხადა კოდისწყაროს ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა გია გოჭოშვილმა.
ადგილობრივების ვარაუდით, დაკავებული თანასოფლელები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების – ყარაფილასა და კოდისწყაროს მიმდებარედ იმყოფებოდნენ, სადაც მათი დაკავება მოხდა.