ქართველი ჯარისკაცი, რომელიც 74 წლის შემდეგ ჟიტომირში იპოვეს, სამშობლოში მხედრული პატივით დაკრძალეს (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში ადამიანები ერთმანეთს უგზავნიდნენ შეტყობინებებს, სადაც საუბარი იყო ლეჩხუმელ ჯარისკაცზე, სერაფიონ ფრუიძეზე, რომლის ნეშტი ჟიტომირში, 74 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. ადამიანები ცდილობდნენ ინფორმაცია მაქსიმალურად გაევრცელებინათ და მრავალი წლის წინ გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლები საქართველოში მოეძებნათ.
„რეგიონულმა კვირამ“ სერაფიონის ერთადერთ მემკვიდრეს, დისშვილისშვილს, ალპანაში მცხოვრებ ნანა ხეცურიანს მიაკვლია.
ხეცურიანი აღნიშნავდა, რომ წინაპრის ნეშტის გადმოსვენების დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა ამას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა.
„რეგიონული კვირა“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამსონ ბრეგვაძესაც ესაუბრა, რომელმაც სრული მზაობა გამოთქვა დახმარებოდნენ ოჯახს გადმოსვენების საკითხის მოგვარებაში.
საბოლოოდ, ქართული და უკრაინული მხარის ერთობლივი ძალისხმევით ქართველი ჯარისკაცი, სერაფიონ ფრუიძე სამშობლოში გადმოასვენეს და მშობლიურ ლეჩხუმში მხედრული პატივით დაკრძალეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის გმირი ჯარისკაცის დაკრძალვის დღე ემოციური აღმოჩნდა. ქალაქის ცენტრში შეკრებილი საზოგადოება სიხარულით შეეგება საპატიო ყარაულს, რომელსაც სერაფიონის ნეშტი და პირადი ნივთები მოჰქონდა. ცაგერის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ომში დაღუპულთა მემორიალამდე პატივით და სიამაყით მიაცილებდნენ სამშობლოსათვის თავგაწირულ, უცხოეთში დაღუპულ 18 წლის გმირს.
ქართველი ჯარისკაცის პატივით დაკრძალვის ცერემონიალს მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ უგრეხელიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამსონ ბრეგვაძემ „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, ჯარისკაცის ნეშტის ჩამოსვენება ლეჩხუმელი ხალხის მონდომებისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ძალისხმევის შედეგია.
„დღეს მადლიერმა ლეჩხუმელებმა პატივი მიაგეს 18 წლის ჭაბუკის ხსოვნას, რომელმაც ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის თავი შესწირა. ინფორმაციის შემოსვლის შემდეგ, ჩვენ აქტიურად დავუდექით გვერდში ფრუიძეების ოჯახს და ვითანამშრომლეთ ყველა იმ სტრუქტურასთან, რომლებიც ჩართული იყვნენ გადმოსვენების საკითხებში“,- აღნიშნა სამსონ ბრეგვაძემ.

სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდა ნანა ხეცურიანი, სერაფიონის ერთადერთი მემკვიდრე, დისშვილიშვილი, რომელსაც გულთან ახლოს მიეხუტებინა სერაფიონის პირადი ნივთები.“ რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ხეცურიანმა ალპანის თემის რწმუნებულის, ვეტერანთა სამსახურსა და მერიას მადლობა გადაუხადა, რადგან ოცნება შეუსრულეს და წინაპარი დაუბრუნეს.
„დიდი მადლობა ყველას, დიდი სიხარული და განსაცდელი გვიდგას ოჯახს, მოუთმენლად ველოდით ამ დღეს. ახლობლები და სოფელი დავხვდით დაბრუნებულ შვილს, რომლის სულმაც ინება და წინაპართა საფლავებთან დაიდო ბინა“,- ამბობს ხეცურიანი.

ქალაქის ცენტრში ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ნეშტი სოფელ ალპანაში გადაასვენეს, სადაც სერაფიონ ფრუიძეს ახლობლები და სოფელი ელოდებოდა. ჯარისკაცი მამისა და მეუღლის, ნადია ხვადაგიანის გვერით დაკრძალეს და საპატიო ყარაულმა კი, მის ხსოვნას პატივი ზალპით მიაგო…

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები