სასულიერო პირები 8 ნოემბრის აქციას უერთდებიან – „ვინც ფილმს – უყურებს, გადაიხრება გაუკუღმართებული ცხოვრების წესისკენ“

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის მამათმავლობისკენ მოწოდება და საშიშია ამ ფილმის ჩვენება, – ამის შესახებ თელეთის ხარების ტაძრის დეკანოზმა ბასილ იაშაღაშვილმა და ავჭალის, ქეთევან წამებულის ტაძრის დეკანოზმა ლევან ანთაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

სასულიერო პირების თქმით, ისინი იმ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ, რომლის მიზანიც ფილმის პრემიერის ჩაშლაა.

“ამ ფილმის მიზანი არის ის, რომ ერთსქესიან ადამიანებში დანერგოს ერთმანეთისადმი ლტოლვა და წარმოაჩინოს, რომ ეს, თითქოს, ძალიან ნორმალურია. ეს არის მამათმავლობისკენ მოწოდება და წაქეზება ახალგაზრდობის, საშიშია ამ ფილმის ჩვენება.

წმინდა პეტრე დამასკელი ამბობს, რომ ადამიანი რა სიტყვაშიც განისწავლება, იმ სიტყვის თვისებებს იძენს. ის წიგნზე ამბობს, გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებს ფილმები. ახალგაზრდა იქნება ეს, თუ დიდი იქნება, როცა ამ ფილმს უყურებს, უეჭველად შეიძენს ამ ფილმის თვისებებს, უეჭველად გადაიხრება ამ ავადმყოფური, გაუკუღმართებული ცხოვრების წესისკენ.

ჩვენი თხოვნაა მთავრობისადმი, ტელევიზიებისადმი, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ფილმის ჩვენებას, პირიქით, წინ აღუდგნენ და არ მიიღონ მონაწილეობა ამ ცოდვის გავრცელებაში. ყველა ის ტელევიზია იქნება თუ ჟურნალისტი, ვინც ამას ხელს შეუწყობს, თანამონაწილე იქნება ჩვენი ერის გადაგვარების და მომავალი თაობის გახრწნისა. ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე ახალგაზრდობის ნაწილი, რომელიც უკვე გადაგვარების გზაზე დგას და თანაგრძნობითაა განწყობილი ამ გარყვნილებისადმი. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ხელი შევუშალოთ ამ ფილმის ჩვენებას. საზოგადოება მოდუნებული არ უნდა იყოს, უნდა გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვან. მეც მივალ ამ საპროტესტო აქციაზე და დავდგები იქ. ვიტყვი, რომ არ გაუშვან ეს ფილმი“, – განაცხადა მამა ბასილმა.
მისივე თქმით, ის აქციაზე მშვიდობიანად იქნება.

„პოლიცასთან წინააღმდეგობა სწორად არ მიმაჩნია. იქ მისვლაც საკმარისი იქნება. ყველა თავად გადაწყვეტს ამ საკითხს, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია. მე იქ მშვიდობიანად დავდგები“, – განაცხადა მამა ბასილმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეების კინოთეატრებში ფილმის- „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ. ამის შესახებ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფალავანდიშვილის თქმით, ისინი აპირებენ დაიკავონ კინოდარბაზები და მოახდინონ კინოთეატრების შენობების პიკეტირება.

ასევე “ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებას ჩაშლის. შსს -ში აცხადებენ, რომ “იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“.
ამასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეებს 8 ნოემბერს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს.

„პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღში დავდგეთ ერთად ეკლესიისა და ქვეყნის სადარჯოზე. ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. ჩვენ გავწევთ პოლიციის კორდონებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. მოვუწოდებთ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები