რატი იონათამიშვილი: მე მჯერა, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი გუნდი მყარი უმრავლესობით მოვა
მე მჯერა, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი გუნდი მყარი უმრავლესობით მოვა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს არ ატარებდეს კაბინეტებში, ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მუდმივად ხვდებიან.
“მთავარი ცვლილება, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე ერთად ზრუნვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს არ ატარებდეს კაბინეტებში, ვიყოთ გარეთ, შევხვდეთ და ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ ამ მიზნით, დეპუტატები, მინისტრები, მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დავდივართ, ვხვდებით და ვესაუბრებით მოსახელობას, სადაც, ერთის მხრივ, ადგილზე ვწყვეტთ პრობლემებს, მეორეს მხრივ, კი ამ შეხვედრების საფუძველზე, ვადგენთ ჩვენს სამუშაო გეგმას. მაგალითისთვის, ბოლო 6 თვის მანძილზე 1000-მდე შეხვედრა გაიმართა. მომავალში, შეხვედრები ჩვენს მოქალაქეებთან კიდევ უფრო გაიზრდება. მეც დაგეგმილი მაქვს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შევხვდე, რადგან ჩემი საპარლამენტო მანდატი, პირველ რიგში, მათ ეკუთვნით, მე კი მათ წინაშე ვაგებ პასუხს და ვარ ანგარიშვალდებული. მოსახლეობასთან ჩვენს აქტიურ კომუნიკაციას ხედავს და აფასებს საზოგადოება, რაც თუნდაც, ლაგოდეხის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დადასტურდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ” 84 %-ანი მხარდაჭერით გაიმარჯვა, პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ნდობაა და მე მჯერა, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი გუნდი მყარი უმრავლესობით მოვა,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.