ადამ კინზინგერი: ყოველდღიურად ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან და მათ მიერ საქართველოს ოკუპაციიდან
ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, ხშირად „დემოკრატები” და „რესპუბლიკელები“ რაღაცებზე ვერ თანხმდებიან, თუმცა როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ისინი ერთიანები არიან.
ამის შესახებ მან ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ გვესმის ამ ურთიერთობის მნიშვნელობა. როდესაც ვსაუბრობთ გარკვეული მოსალოდნელი გამოწვევების არსებობაზე, ცხადია, ყოველდღიურად ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან, ასევე, ვხედავთ გამოწვევებს დეზინფორმაციის მხრივ. რა თქმა უნდა, აშშ-ში ჩვენ საქმე გვქონია ბევრ გამოწვევასთან, იყო ეს კიბერშეტევები თუ ჩვენი ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ ვადასტურებთ იმ ძლიერ მეგობრობას, რაც გვაქვს, ამერიკელი ხალხის სახელით მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ამ ქვეყნისა და ამ პარტნიორობის მიმართ”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.