სალომე ზურაბიშვილი: როგორც საქართველოში, ისე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება.
„საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ე.წ. კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან, მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას და საზღვრების და მათზე გადაადგილების მეტ კონტროლს.
როგორც საქართველოში, ისე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება. გასულ კვირას საქართველოში 13 000 დომენზე განხორციელდა კიბერშეტევა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვერპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის, უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.