ირლანდიაში საქართველოს ელჩი: არ არსებობს პოლიტიკური გარემოებები, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნით ირლანდიას მიმართავენ

არ არსებობს პოლიტიკური გარემოებები, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავენ ირლანდიას, – ასე გამოეხმაურა ირლანდიაში საქართველოს ელჩი გიორგი ზურაბიშვილი ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკარის განცხადებას.
გიორგი ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მიღებაზე მოთხოვნების უმეტესობა მოკლებულია საფუძველს, რის გამოც უარყოფით პასუხს იღებენ მოთხოვნილ სტატუსზე.

„არ არსებობს პოლიტიკური გარემოებები, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავენ ირლანდიას, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ევროკავშირის 15-მა ქვეყანამ, მათ შორის, ირლანდიამ, საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეიტანა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს. ჩემი ინფორმაციით, თავშესაფრის მიღებაზე მოთხოვნების უმეტესობა მოკლებულია საფუძველს, რის გამოც უარყოფით პასუხს იღებენ მოთხოვნილ სტატუსზე. ქართული მხარე დაინტერესებულია ირლანდიურ მხარესთან ლეგალური დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის საკითხით. მიგრაციული პროცესების მართვისა და უსაბუთო, არალეგალური მიგრაციის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს და ახორციელებს რეფორმებს, რაც ევროკავშირმაც დადებითად შეაფასა, რისი დასტურიც არის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მინიჭება“, – განაცხადა გიორგი ზურაბიშვილმა.

ელჩის თქმით, ზოგადად მიგრაცია წარმოადგენს გლობალურ პრობლემას როგორც ირლანდიისთვის, ასევე, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც არიან მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე, წერს 1tv.ge.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ქართველებისა და ალბანელების გამო იზრდება.
მისი თქმით, ალბანეთისა და საქართველოს მოქალაქეები ირლანდიაში ყალბი დოკუმენტებით ჩადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები