“ილია მეორე პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, ის ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება”
ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველის, მეუფე გრიგოლის თქმით, ილია მეორე პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, ის ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება.
მეუფე აცხადებს, რომ პეტრე ცაავას შიომღვიმის მონასტერში არწასვლა რაიმე დამატებითი სასჯელის მიზეზი ჯერჯერობით არ იქნება.
“თუ უნდა, იყოს იმ მონასტერში, სადაც პატრიარქმა აკურთხა, თუ უნდა იყოს სხვა მონასტრებში. ეპარქიის გადაბარების პროცესი ხვალ დაიწყება. ჩამოდიან იურისტები, ეკონომისტები. პროცესი ხანგრძლივია, რადგან მეურნეობა დიდია. მეუფე პეტრეს აქ ყოფნა მას არ უქმნის უხერხულობას, ის აქ ჩამოვიდა, როგორც მორჩილი, ემორჩილება სინოდის და პატრიარქის გადაწყვეტილებას”,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მეუფის ინფორმაციით, დილით შეხვდა მამაოებს და როგორც თავად ამბობს, ვისაც შეხვდა, ეპარქიის დატოვებას არავინ აპირებს. ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი დედაოებს დღეს საღამოს შეხვდება.
ამასთან, მეუფე გრიგოლი დარღვევად არ მიიჩნევს, რომ პეტრე ცაავას მიმართ 55-ე მუხლი გამოიყენეს.
„გავიდა სამი წელი. 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს. იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, თუ შეიძლება, რომ ახლა მივცეთ გაფრთხილება, მას შემდეგ სინოდის ხუთი სხდომა ჩატარდა და ასეთი სიტუაციაა. სულ იყო შფოთი. ეს აზიანებდა საპატრიარქოს.
ის ზაფხულში იყო ჩამოსული და ეს იყო უწმინდესის კიდევ ერთი გაფრთხილება, თუმცა მეუფე პეტრემ თქვა, მე მივდივარ ბოლომდე და მოხდა რაც მოხდა. ამ სინოდზე მეუფეებმა სთხოვეს მეუფე პეტრეს, მაგრამ ამაოდ. მეუფე იაკობიც გააფრთხილეს და თუ გააგრძელა, მასაც იგივე ბედი ეწევა“,- აცხადებს მეუფე გრიგოლი.