“პროსერვისი”: კიბერთავდასხმის პირველივე საათებში კომპანიას 300-მდე ვებგვერდის მფლობელმა მიმართა
კომპანია “პროსერვისი” 28 ოქტომბერს, საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც “პროსერვისის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კიბერთავდასხმის პირველივე საათებში კომპანიას 300-მდე ვებგვერდის მფლობელმა მიმართა.
“28 ოქტომბერს, გამთენიისას, საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგები აღმოფხვრილია. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, თავდასხმის ობიექტი კომპანია “პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია “პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების ნაწილი. პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია “პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე ყველა პრობლემური ვებგვერდი უკვე თავდაპირველ ფუნქციონირებას დაუბრუნდა. სხვადასხვა არხით ვრცელდებოდა ინფორმაცია დაზიანებული ვებგვერდების რაოდენობაზე.
უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის ვებგვერდი იყო თავდასხმის ობიექტი საქართველოს მასშტაბით, თუმცა კომპანიას 300 – მდე ვებგვერდის მფლობელმა მიმართა კიბერთავდასხმის პირველივე საათებში. ჯერჯერობით უცნობია პარალიზებული ვებგვერდების რაოდენობა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები მიმდინარე ანალიზისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – ნათქვამია კომპანია “პროსერვისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.