გიორგი ანდრიაძე: საჭიროა, სახელმწიფო სტრუქტურებმა ხელი გაანძრიონ და დაამთავრონ ეს ქაოსი
საჭიროა, სახელმწიფო სტრუქტურებმა, რომლებზეც არის მთელი ამ პროცესის პასუხიმგებლობა, ხელი გაანძრიონ და დაამთავრონ ეს ბაკქანალია, – ამის შესახებ საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
გიორგი ანდრიაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია სინოდის სხდომის გამართვის შესახებ და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა პირებისგან გაჟღერებული მიმდინარე განცხადებები, ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.
“როდის ჩატარდება სინოდის სხდომა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ეს კრიზისი, რაც მიმდინარეობს, რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს.
მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა, თუმცა მას კვლავ აქვს გავლენები. რჩება ეპარქიაში და საპატრიარქოს უნივერსიტეტში. ეს პროცესი, რაც ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას გულისხმობს, უკვე წლებია მიმდინარეობს. ქართველი ხალხისთვის რწმენის და სარწმუნოების წართმევა უნდათ, თუმცა პატრიარქის გვერდით დგას მისი გუნდი, რომელიც წლებია ემსახურება.
რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს და განცხადებებს, საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებმა, რომელზეც არის მთელი ამ პროცესის პასუხიმგებლობა, ხელი გაანძრიონ და დაამთავრონ ეს ქაოსი და ბაკქანალია, რომელიც ეკლესიის გარშემო მიმდინარეობს”, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.