“ვფიქრობ, რომ სწორად შემარჩია ღმერთმა, რადგან იცოდა, რომ გავუძლებდი” – 28 წლის ბათუმელი ქალის ისტორია

ბათუმელი ხატია თებიძისთვის 2017 წლის 11 სექტემბერი ის დღეა, რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში საბედისწერო აღმოჩნდა. მას ორი წლის წინ საზღვარგარეთ ტრამვაი დაეჯახა. 8-დღიანი კომის შემდეგ მძიმე რეალობასთან შეგუება მოუწია. მედიკოსებმა ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს. 28 წლის ხატია “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას გადატანილ პერიოდს დეტალურად იხსენებს.
“საზღვარგარეთ ვიყავი წასული, ქუჩაში ტაქსს ველოდებოდი, რა დროსაც ტრამვაი დამეჯახა და მძიმე მასის ქვეშ მოვყევი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე, ვერავინ შეძლო ტრამვაის აწევა და ჩემი შველა. გონება დავკარგე და 8-დღიანი კომის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ფეხები აღარ მქონდა. იმავე დღეს ზეწარი გადავიხადე, ისე მოხდა, რომ რეაქცია ახლა უფრო მაქვს ვიდრე მაშინ. მახსოვს, ჩემი მეღლე რომ შემოვიდა პალატაში, ვკითხე კიდურების დაკარგვის შესახებ იცოდა თუ არა. ისეთი ძალა ვიპოვე საკუთარ თავში, რომ დღემდე ვერ ამიხსნია, ვარჩიე წინ წავსულიყავი, ვიდრე უკან წარსულსა და აწმყოში ჩავრჩენილიყავი. რეალობას მაინც ვერ შევცვლიდი“, – გვიყვება ხატია თებიძე.
ყვება, რომ მას შემდეგ თითოეულ უმნიშვნელო დეტალს განსხვავებულად აღიქვამს. შემთხვევის დღიდან სამყაროს სხვაგვარი თვალით უყურებს.
“ჩახუტებასაც კი სხვა დატვირთვა აქვს ჩემთვის. ყოველდღიურად ხომ ნახულობ ადამიანს, თუმცა ამ შემთხვევაში ეგეც კი მომენატრა. როცა ეტლში ზიხარ, ისე ვერ ახერხებ სითბოს გამოხატვას, როგორც ადრე, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი“,- დასძინა ხატიამ.

ხატია ამ ხნის განმავლობაში ეტლით გადაადგილდებოდა. სულ ახლახან ჩაუტარდა ოპერაცია და შეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ხატია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელსაც აჭარის მთავრობამ დახმარება გაუწია. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სრული და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებით, 200-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის გადაუდებელი ოპერაცია და გაეწია სამედიცინო დახმარება.
“ჩემი ოჯახისა და მეუღლის მხარდაჭერამ დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. მათ გაარკვიეს, სად შეიძლებოდა პროთეზირების გაკეთება. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანადგომა, მან გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა და ინტერესდებოდა იმ ამბით, როგორ ვითარდებოდა მკურნალობა“,- ამბობს ხატია.
პროთეზირების შემდეგ პირველი ნაბიჯები მისთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. თავიდან არ ჯეროდა თუ გაივლიდა, ახლა გადაადგილება დამოუკიდებლადაც შეუძლია.
“ეს ის შეგრძნებაა – თითქოს საკუთარ თავს დავუბრუნდი. მთავარია ძალა და რწმენა, თუ რწმენა არ გაქვს, ვერაფერს ვერ შეძლებ, ამაზე ცუდიც არსებობს, არასოდეს მითქვამს “რატომ მე?“, ვფიქრობ რომ სწორად შემარჩია ღმერთმა, რადგან იცოდა რომ გავუძლებდი“, – ამბობს ხატია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ხატია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები