„პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის, დღევანდელი და მომავლის სიმბოლო. ეკლესია, არაერთხელ აღვნიშნე, რომ არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს”, -ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მეუფე იაკობის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.
“პირველად გავიგე, რასაც მეუბნებით. ცოტა შოკირებული ვარ. მაგრამ ამის შემდეგ მახსენდება, რომ ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. ამაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო? თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან – მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ქორეპისკოპოს იაკობის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარიამ, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა მას პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარება სთხოვეს. ქორეპისკოპოსის ინფორმაციით კი ამას ისინი ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკეთებდნენ.