“სვანეთის ალპებში აშენდება მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანებისა და მთის ურთიერთობებზე“
მესტიის მუნიციპალიტეტში “კლდის ვეფხვად“ წოდებული ქართველი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი, მეკლდეურობაში, მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულ მეკლდეურთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მირზა ლიპარტელიანის განცხადებით, სვანეთში, კერძოდ ზურულდზე მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი რაინჰოლდ მესნერი “კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნას გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, ეს იქნება სამთო მუზეუმი, რომელიც მთელს მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანისა და მთის ურთიერთობების შესახებ.
“მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი მენსერი იყო ჩამოსული საქართველოში გასულ წელს და მოინახულა სვანეთი. მან მესტიის ალპებში, სამთო მუზეუმის აშენება დაანონსა. მენსერი არის ალპინისტი, რომელიც მიშა ხერგიანის თანამედროვეა. ეს მუზეუმი აუცილებლად მოუყვება დანარჩენ მსოფლიოს ამ ლამაზი სვანეთისა და უდიდესი სპორტსმენების ისტორიას,“- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” მირზა ლიპარტელიანმა.
მიხეილ ხერგიანის ტურნირის მეორე დღეს, სწრაფ ცოცვაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი – ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჯანხოთელმა არავის დაუთმო და მე-7 წამზე გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილი კი, გოგონებს შორის – ნიცა თვაურმა დაიკავა.
26 ოქტომბერს, ტურნირის მესამე დღეს მონაწილეები ერთმანეთს, ინდივიდუალურ ცოცვაში ჭალაადის ბუნებრივ კლდეზე შეეჯიბრებიან. 27 ოქტომბერს კი ტურნირი, რთული ცოცვის სახეობაში შეჯიბრით დასრულდება. მიხეილ ხერგიანის სახელობის მემორიალი საქართველოში 30 წელზე მეტია ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპორტსმენები იღებენ. წლევანდელ ტურნირში მონაწილე უცხოელი გუნდი მხოლოდ, უკრაინიდან იყო წარმოდგენილი. ტურნირს ყოველ წელს მიხეილ ხერგიანის და, ნაზო ხერგიანი ესწრება.
ქართველი ალპინისტი მსოფლიოში “კლდის ვეფხვის” სახელით ცნობილი, მიხეილ ხერგიანი 1969 წლის 4 ივლისს 34 წლის ასაკში, დოლომიტის ალპებში (იტალია) მწვერვალ სუალტოზე ასვლისას დაიღუპა.